skip to content
ახალი ამბები

თანასწორობის ინსტიტუტი ”იმედთან” დაკავშირებით საპროტესტო აქციებს გეგმავს

არასამთავრობო ორგანიზაციამ ”თანასწორობის ინსტიტუტი” განაცხადა, რომ  ”პერმანენტულ საპროტესტო აქციებს” დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ 4 დეკემბრიდან ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა არ განახლდება.


”თანასწორობის ინსტიტუტის” აქტივისტები 30 ნოემბერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის სახლის წინ შეიკრიბნენ ”იმედის” აღდგენის მოთხოვნით.


ამასობაში, ქართულ მედიაში გავრცელდა ხმები, რომ ”იმედის” მაუწყებლობა შესაძლოა 5 დეკემბერს განახლდეს. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ჯერ არ დადასტურებულა.


ტელეკომპანია ”იმედის” პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი ტელეკომპანიის გახსნასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განეწყო პოლონეთის ადამიანის უფლებათა ყოფილ დამცველთან და ამჟამად გაზეთ Gazeta Wyborcza-ს მთავარ რედაქტორთან ადამ მიხნიკთან გამართული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ. მიხნიკი თბილისში ევროკავშირის დავალებით ჩამოვიდა ”იმედის” პრობლემის მოსაგვარებლად.


”ის მოლაპარაკებები, რომელსაც ამჟამად მიხნიკი აწარმოებს, გვაძლევს იმის იმედს , რომ ტელეკომპანიის გახსნის საკითხი დადებითად გადაწყდება და ყველა ჟურნალისტი, მათ შორის ”იმედიდან” შეძლებს თავისი პროფესიის ნორმალურად შესრულებას არჩევნების წინ,” – განაცხადა თარგამაძემ.


ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში მიკლოშ ჰარაციმ 23 ნოემბერს თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დეკემბრის დასაწყისში აღადგინოს ”იმედის” მაუწყებლობა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button