“რეზონანსი” პრემიერ-მინისტრის ”პირველ დიდ შეცდომაზე” საუბრობს
გაზეთმა ”რეზონანსმა” ახალი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადება ”პოლიტიკაში მოღვაწე ჟურნალისტებთან” დაკავშირებით მის ”პირველ დიდ შეცდომად” შეაფასა.
ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის განახლების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყენებული პირობების შესახებ საუბრისას გურგენიძემ 28 ნოემბერს განაცხადა: “ჩვენი აზრით, არასწორია, როდესაც ის ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ, ან უკვე დიდი ხანია, რაც პოლიტიკაში მოღვაწეობენ, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევიან”.
მიუხედავად იმისა, რომ მან არ დააკონკრეტა, თუ ვის გულისხმობდა, მინიშნება, სავარაუდოდ, ტელეკომპანია “იმედის” პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელზე გიორგი თარგამაძეზე გაკეთდა. თუმცა, თარგამაძემ განაცხადა, რომ ის ”იმედის” დატოვებას არ აპირებს.
”ეს გაფრთხილება შეიძლება ახალბედა პოლიტიკოსის დაუფიქრებელ შეცდომადაც ჩაითვალოს,” – წერს ”რეზონანსი”, ”მაგრამ, როგორც ჩანს, პრემიერს ჯერ არ გაუაზრებია ის, რომ რომელიმე კერძო სტრუქტურის ხელმძღვანელი კი არა, უკვე მთავრობის მეთაურია და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, გარკვეული ძალაუფლებაც გააჩნია. გარდა ამისა, პრემიერს, რომელიც მთავრობაში კერძი ბიზნესიდან მოვიდა, კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ ხელისუფლებას უფლება არ აქვს კერძო კომპანიების საკადრო პოლიტიკაში ჩაერიოს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)