
არჩევნებზე შთამბეჭდავი გამარჯვება გვჭირდება – სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 25 ნოემბერს ის თავის საარჩევნო კამპანიას იწყებს და დასძინა, რომ მას სჭირდება ”არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ მნიშვნელოვანი, დამაჯერებელი გამარჯვება“ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობას სხდომაზე განუცხადა, რომ შემდეგი ორმოცი დღე ”სავსე იქნება გამოწვევებით“ ქვეყნისთვის და 5 იანვარი იქნება ”ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა“.
”თქვენ იცით, რომ ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას. ორმოცი დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე [ნინო ბურჯანაძე] შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას და მე ვიქნები ჩართული საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში,“ – განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ განაცხადა გადადგომის თაობაზე, მისი განცხადება საარჩევნო კამპანიის დაწყების თაობაზე იმის მანიშნებელი იყო, რომ ის კვირას გადადგებოდა. შემდეგ 48 საათის განმავლობაში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და ოფიციალურად დანიშნოს არჩევნების დღე – 5 იანვარს.
ნინო ბურჯანაძე უკვე მეორედ ბოლო ოთხი წლის მანძილზე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. პირველად საპრეზიდენტო უფლებამოსილება მან 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შეასრულა, ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ.
”თქვენ იცით, რომ ჩვენ მივმართეთ ჩვენს ხალხს განახლებული დემოკრატიული მანდატისათვის. ჩვენ მივმართეთ ჩვენს ამომრჩეველს იმისათვის, რომ 5 იანვარს ხელახლა მოგვცეს საშუალება გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა გაძლიერებული დემოკრატიული მხარდაჭერით, ჩვენი ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობით იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადალახოს ყველა არსებული სიძნელე და იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა იმ ამოცანის ზუსტად შესრულება, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე სააკაშვილმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ ის დავალებებს აძლევს მთავრობას ”გარდამავალი პერიოდის“ უმტკივნეულო გადალახვისთვის.
”ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ საქართველოს უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი, ავიცილოთ თავიდან ყველა შესაძლო პროვოკაცია, ყველანაირი გართულებები. ჩვენ ვფიქრობთ ამის [პროვოკაციების] მცდელობა კიდევ იქნება, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურები ყველანაირად არიან მომზადებული, რათა თავიდან აიცილონ ეს ყველაფერი და არ დაუშვან რაიმე სახით პრობლემების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის კუთხით,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
ცხრა პარტიისგან შექმნილი ოპოზიციური კოალიცია 25 ნოემბერს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს ტელეკომპანია ”იმედის“ მაუწყებლობის განახლების მოთხოვნით.
”იმედის“ საკითხთან მიმართებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: ”ჩვენ ასევე უნდა ვუზრუნველყოთ მასმედიის ყველა საშუალების თავისუფლება იმ პირობებში, როცა დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა, გამორიცხული იქნება ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებები“.
”უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დემოკრატიულ სამყაროში დემოკრატიის მოწინააღმდეგეებისგან იცავს დემოკრატიას. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ გადადგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები. ჩემი მთავრობა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც აპირებს ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯები გადადგას და მკვეთრი პოზიცია დაიკავოს,“ – განაცხადა მან.
საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, ბოლოდროინდელი დემონსტრაციები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების ნაწილი იყო, რომელსაც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ დემოკრატიული შესაძლებლობები საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.
”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, არა მხოლოდ ქვეყნისათვის, არამედ თითოეული მოქალაქისათვის და ქართული ოჯახისათვის, მაგრამ საქართველო ამას როგორც ყოველთვის შეხვდება ძალიან მედგრად და მტკიცედ. დარწმუნებული ვარ, მთელ მსოფლიოს დავანახებთ სიმშვიდეს, ორგანიზებულობას და დავანახებთ, რომ საქართველოს ყველა დონეზე ჰყავს მთავრობა და ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია სიმშვიდის პირობებში ფუნქციონირება და ქვეყნის განვითარების გაგრძელება ყველაზე უფრო პოლიტიკურად ცხელ პერიოდშიც კი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მან დაავალა მთავრობას დაუყონებლივ დაიწყოს დაგეგმილი სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელება.
”ამ პერიოდში თქვენი მუშაობა შეფასდება განსაკუთრებულად, ჩვენ წინ კიდევ ბევრი ცვლილებები გვექნება. ამიტომ მეც, ახალი პრემიერ-მინისტრი და თითოეული ჩვენგანი დეტალურად დააკვირდება არა მხოლოდ თითოეული თქვენგანისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედებას, არამედ ყველა დონის ადმინისტრაციული აპარატის მოქმედებას, საშუალო რგოლს,“ – დასძინა სააკაშვილმა.