მაუწყებლობის აღდგენის საკითხი გაურკვეველია – ბიძინა ბარათაშვილი
ტელეკომპანია ”იმედის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მზადაა ტელეკომპანიის მაუწყებლობა დეკემბრის დასაწყისში განაახლოს.
23 ნოემბერს საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა მიკლოს ჰარაციმ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში არსებობს მზაობა, რომ ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა დეკემბრის დასაწყისში განაახლოს.
”ბატონიო ჰარაცი პირველად ჩვენ შეგვხვდა და შემდეგ ხელისუფლებას და ძალიან კარგია, თუ ბატონმა ჰარაციმ ასეთი დასკვნები ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა,” – განუცხადა ბარათაშვილმა Civil.Ge-ს, ”სამწუხაროდ, აქამდე არ ყოფილა რაიმე პირდაპირი კონტაქტები ჩვენსა და ხელისუფლებას შორის. ამიტომ ჩემთვის ძალიან ძნელია მათ განზრახვებზე საუბარი”.
”მეორე საკითხი ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით ამჟამად რა მდგომარეობაშია ტელეკომპანია ”იმედის” აპარატურა. შენობაში არ გვიშვებენ, ამიტომაც არ ვიცით, როდის იქნება შესაძლებელი, ტექნიკური თვალსაზრისით, მაუწყებლობის აღდგენა,”- აღნიშნა მან.
ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობის და ჟურნალისტების განცხადებით, აპარატურა 7 ნოემბერს პოლიციის მიერ შენობის დარბევის დროს დაზიანდა. თუმცა, ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)