ახალი ამბები

მრეწველები საპრეზიდენტო არჩევნებში დავით გამყრელიძეს უჭერენ მხარს

მრეწველთა ოპოზიციურმა პარტიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის კანდიდატურას უჭერს მხარს 5 იანვარს დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში.


ეს გადაწყვეტილება დღეს მრეწველთა ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ზურაბ ტყემალაძისა და დავით გამყრელიძის ერთობლივ ბრიფინგზე გაცხადდა. 


ეს ორი პარტია, რომელთაც ერთად გადალახეს 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში 7%–იანი ბარიერი, კვლავაც გაერთიანებულია ერთ საარჩევნო ბლოკში, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში მათი ერთობა 2006 წლის დასაწყისიდან დაიშალა და ისინი ცალკ-ცალკე ფრაქციებით არიან წარმოდგენილნი. 
 
”ჩვენ ჩავერთვებით აქტიურად [გამყრელიძის] წინასაარჩევნო კამპანიაში”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.


”ძალიან რთული მარათონი იქნება,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, სადაც არ არის ცნობილი ვინ გახდება პრეზიდენტი. შანსები თითქმის თანაბარია და ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის”.


დღესვე დაგეგმილია დავით გამყრელიძის შეხვედრა ეროვნული დემოკრატიული პარტიის (ედპ) ლიდერებთან, რომლებიც სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე ”ახლების” ლიდერს გამოუცხადებენ მხარდაჭერას.


 

Back to top button