ახალი ამბები

სახელმწიფო მოხელეები საარჩევნოდ ზეწოლას განიცდიან – დეპუტატი

საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლებს აიძულებენ შეავსონ ანკეტები 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის დასადასტურებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ”არაორაზროვნად” ემუქრებიან, რომ შეექმნებათ სამსახურში პრობლემები, განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უარყო, რომ ეს ქმედებები ხელისუფლების მიერ არის მხარდაჭერილი. თუკი ასეთ ”თვითშემოქმედებით” ფაქტებს აქვს ადგილი, ისინი აბოსლუტურად უნდა აღიკვეთოს, განაცხადა ბურჯანაძემ, რადგან ”ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ არაფერს ასეთი ხელმოწერების შეგროვება არ იძლევა, გარდა იმისა, რომ გააღიზიანებენ ადამიანებს და გაუჩენენ უარყოფით მუხტს”.


ბურჯანაძემ მოუწოდა მმართველმა პარტიის აქტივისტებს კატეგორიულად თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისაგან, რომელიც მიაყენებს ზიანს საპრეზიდენტო არჩევნებს. 
 
”პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რომ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული კითხვის დასმის შესაძლებლობა მივცეთ ვინმეს,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”არჩევნების შედეგები ეჭვს არ უნდა იწვევდეს”.


მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდეს არჩევნები. 

ბურჯანაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის საკითხზე მას შემდეგ, რაც გუგული მაღრაძემ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სამართლებრივად არადამაჯერებელია ხელისუფლების არგუმენტი ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერებასთან დაკავშირებით.

”ჩვენ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ტელეეთერი და ტელეკომპანია, რომელიც იარსებებს ან თუ იარსებებს, როგორც არის, იყოს მართლაც ობიექტური, მაქსიმალურად ნეიტრალური, რაც არ ნიშნავს ხელისუფლების ქება-დიდებას, მაგრამ  არც უნდა იყოს ისეთი პრეტენზიები, როდესაც ლაპარაკია საჯარო მოწოდებებზე ან რეალურად იმ პრეტენზიებზე რაც არსებობდა,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


ტელეკომპანია ”იმედს” ლიცენზია იმ მოტივით შეუჩერდა, რომ ის გამოყენებულ იქნა, როგორც მთავარი საშუალება საპროტესტო აქციების მოსაწყობად, რომელიც თანდათან კონტროლიდან გამოვიდა და “ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობის რეალური საფრთხე შექმნა”.


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button