ახალი ამბები

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი ვერ შედგა

მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ოპოზიციასთან შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა კოალიციამ მოლაპარაკებებში მონაწილეთა სიაში გიორგი ხაინდრავა ჩართო.


ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რის საფუძველზეც გაკეთდა განცხადებები ხაინდრავას რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე. მსგავსი ჩანაწერი გამოქვეყნდა ასევე რესპუბლიკელ დეპუტატ ლევან ბერძენიშვილზეც, რომელიც ხაინდრავას მსგავსად, ასევე რუსულად ესაუბრებოდა ტელეფონით ადამიანს, რომელიც საქართველოს შსს-ს თანახმად, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი და სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო. მმართველმა პარტიამ რამდენჯერმე მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი არ დათანხმდებიან ოპოზიციის ამ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს.


ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წინა სამ რაუნდში ხაინდრავა არ მონაწილეობდა. თუმცა მან 19 ნოემბერს განაცხადა, რომ აპირებდა საღამოს დაგეგმილ დიალოგში ჩართვას ნაცვლად საქართველოს გზის ლიდერის სალომე ზურაბიშვილისა, რომელიც ამჟამად ევროპაში მართავს შეხვედრებს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 19 ნოემბერს საღამოს განაცხადა, რომ ოპოზიციურმა კოალიციამ შეგნებულად შეცვალა მოლაპარაკებათა ფორმატი, რათა შეხვედრა ჩაშლილიყო.


”დღევანდელი შეხვედრა გადებული იქნა ჩემი და ჩემი კოლეგების ინიციატივით იქედან გამომდინარე, რომ ოპოზიციამ დღეს დაარღვია შეთანხმება დიალოგის მონაწილეთა ფორმატთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”დღეს ეს ფორმატი ჩვენდა მოულოდნელად შეცვლილი იქნა. შემოთავაზებული იყო ფორმატი, რომელიც აშკარად მიმართული იყო მოლაპარაკებების ჩაშლისაკენ. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სჯობს გადაიდოს მოლაპარაკებები”.


ხაინდრავას გარდა გუშინდელ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ კონსერვატორ კახა კუკავას და რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს.  მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ მრეწველთა ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან მამუკა კაციტაძე, რომლებიც არ შედიან ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციაში.


ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება მზად არის გააგრძელოს მოლაპარაკებები. თუმცა მან ასევე პრეტენზია გამოთქვა იმის გამოც, რომ  ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკებების შეფერხებას ახალ-ახალი მოთხოვნების დაყენებით ცდილობს. ”რა თქმა უნდა, რთულია ამ პირობებში შეთანხმების მიღწევა,” – დასძინა მან.


ხელისუფლებასთან დიალოგში ოპოზიციის სამი ძირითადი მოთხოვნაა: ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობის აღდგენა, პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები.

”როცა  ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს შეთავაზებული სამი საკითხი, ოპოზიცია თანახმაა განახლდეს დიალოგი,”- განაცხადა ოპოზიციურმა კოალიციამ. 
 
ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა ასევე ქუჩის აქციებთან დაკავშირებულ ოპოზიციის გეგმებზე. ოპოზიციამ განაცხადა, რომ 25 ნოემბერს გამართავს მანიფესტაციას სიტყვის თავისუფლების დასაცავად და მოითხოვს ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენას.


პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გარკვეული ძალები შესაძლოა ქვეყანაში ”დესტაბილიზაციის ატმოსფეროს” შექმნაში არიან დაინტერესებულები. ”მე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს დასვით შეკითხვა რატომ უნდათ ადამიანებს ქუჩის აქციები მაშინ, როდესაც [საპრეზიდენტო] არჩევნებია დანიშნული”,- დასძინა ბურჯანაძემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button