
სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე კომენტარს აკეთებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება ”მშიშარა” არ არის და ყოველთვის დაიცავს კანონის უზენაესობასა და წესრიგს ქვეყანაში. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილმა მშვიდმა ვითარებას განაპირობა ის, რომ დღეს 19 საათისთვის საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება.
პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცა. სააკაშვილმა ეს განცხადება აეროპორტში, ბათუმში გამგზავრებამდე გააკეთა, სადაც ის ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს სერგეი სტანიშევს ხვდება.
გთავაზობთ პრეზიდენტის მიმართვის სრულ ტექსტს:
”როგორც იცით 8 დღის წინ იმის გამო, რომ დედაქალაქში იყო მასობრივი არეულობების და ძალადობრივი ქმედებების რეალობაც და მათი გაზრდის საფრთხე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების.
ამ დღეების განმავლობაში და დღეს საქართველოში არის აბსოლუტური სიმშვიდე, სრული წესრიგი, ცხოვრება ნორმალურად მიმდინარეობს.
მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა მოქალაქეს, მთლიანად ქართველ ხალხს, რომელმაც გამოიჩინა საოცარი სიბრძნე, საოცარი გონივრულობა, საოცარი თავშეკავებულობა და მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ჩვენ ვართ ორგანიზებული, დემოკრატიული, მშვიდობიანი ხალხი, ერი და სახელმწიფო.
ამიტომ დღეს საგანგებო სიტუაცია საქართველოში იხსნება.
ჩვენ ყველანაირ შეზღუდვას პოლიტიკურ საქმიანობაზე, რომელიც ისედაც ძალიან ნომინალური იყო მთლიანად ვხსნით.
ჩვენ ვემზადებით რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ასევე პლებისციტისთვის საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა წარმომადგენელს პოლიტიკური სპექტრის, ყველა მოქალაქეს ექნება სრული შესაძლებლობა თავისი პოლიტიკური საქმიანობის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე წარმართვის.
ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული კანონები, რომელიც გარანტირებულად აძლევს ოპოზიციას ტელეეთერის გამოყენების და მასმედიის გამოყენების საშუალებას.
ამავე დროს, ჩვენ ვიწვევთ ევროპელებს. ევროკავშირს ჩვენ მივმართეთ წინადადებით რომ გამოაგზავნონ, როგორც მოკლე ხნიანი დამკვირვებლები თვითონ არჩევნების დღეს, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც შეისწავლიან და მონიტორინგს გაუკეთებენ მედიის თავისუფლების საკითხს; რომლებიც დაგვეხმარებიან და რომლებიც ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ყველა სამართლებრივი დავის, ყველა სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც უკავშირდება საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის დემოკრატიულად წარმართვას, მთლიანად ქართული დემოკრატიის განვითარებას და პოლიტიკური პროცესის კანონის და ევროპული ნორმების ჩარჩოებში დარჩენას და ასევე განვითარებას.
ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოში ეს სიწყნარე გაგრძელდეს და მე მგონი ყველამ დაინახა და მე მინდა ამას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დასაცავად საქართველოს დღევანდელი მთავრობა არ დაიხევს უკან არაფერზე.
ჩვენ არ ვართ მშიშარა მთავრობა. ჩვენ ვართ მთავრობა, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტია კანონის უზენაესობა და, რა თქმა უნდა, მთავარი და ყველაზე ძირითადი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყანა, მასში სიმშვიდე და ნორმალური წესრიგი და ყველა მოქალაქის დაცვა.
ამიტომ ჩვენ მზად ვართ მომავალშიც უზრუნველვყოთ წესრიგი, უზრუნველვყოთ ნორმალური ფუნქციონირება ქვეყნის, უზრუნველვყოთ დემოკრატიული, გამჭვირვალე, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი პოლიტიკური პროცესი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)