skip to content
ახალი ამბები

ექსპერტები ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატზე კომენტარს აკეთებენ

ექსპერტების უმეტესობა აცხადებს, რომ ცხრა ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატად დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გაჩეჩილაძის დასახელებასთან დაკავშირებით, მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის მთავარი ტაქტიკა არჩევნების მეორე ტურში გასვლაა. 


ია ანთაძე, ჟურნლაისტი და დამოუკიდებელი ექსპერტი:


წინასწარ ცხადი იყო, რომ ოპოზიციას გაუჭირდებოდა შეთანხმება ძლიერი პარტიული ლიდერის დასახელებაზე – ეს უნდა ყოფილიყო ცნობადი, არაპარტიული ფიგურა მათივე გარემოცვიდან ან საზოგადოებისთვის ცნობილი სახე. ამდენად, გაჩეჩილაძე მეტ-ნაკლებად ამოსაცნობი ფიგურა იყო, თუმცა მისი კანდიდატურა მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის.


ნიშანდობლივია მისი პირველივე განცხადება: მე მოვდივარ იმიტომ რომ წავიდე, რითაც მან ღიად განაცხადა, რომ მისი მიზანია საქართველოში საპარლამენტო მმართველობის დამყარება. სწორედ იმის გამო დასახელდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი, რომ გაჩეჩილაძეს ამ არჩევნებზე ხმა მისცენ არა როგორც ცალკე ფიგურას, არამედ როგორც გუნდის წევრს.


ამდენად, ოპოზიცია ეცდება ამომრჩეველი გადაიყვანოს გუნდური არჩევანის კალაპოტში: ურჩევნიათ მათ, ერთის მხრივ,  გაჩეჩილაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს დაუჭირონ დაუჭირომ მხარი თუ პრეზიდენტ სააკაშვილს.


გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი: 


ვფიქრობ, გაჩეჩილაძის კანდიდატურა შეირჩა იმ ნიშნით, რომ ის არავისთვის მიუღებელი არ არის და მას ვეტოს არცერთი პარტია არ ადებს.

გასათვალისწინებელია, რომ ეს არის საკმაოდ ბევრი პარტიის გადაწყვეტილება, რომლებიც ამჟამად პარტნიორები არიან, თუმცა იმავდროულად ერთმანეთის პოტენციური კონკურენტებიც.


რაც შეეხება იმას თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არჩევნები იქნება, ჩემი აზრით, ოპოზიციური სპექტრი ძალიან გაფანტულად გამოიყურება და ამიტომ მათთვის ძალიან ძნელი იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის დამარცხება.


გაჩეჩილაძეს ენდომება, რომ ოპოზიციის ძირითად კანდიდატად წარმოადგინოს თავი, მაგრამ იმავდროულად, თავისი პრეტენზიები აქვთ დავით გამყრელიძეს, შალვა ნათელაშვილს, ბადრი პატარკაციშვილს. ამდენად, ვერცერთი კანდიდატი ოპოზიციიდან ალბათ ვერ გაიმარჯვებს პირველ ტურში.


თუმცა მეორეს მხრივ, შესაძლოა ოპოზიციის სტრატეგია იყოს მეორე ტურის მიღწევა, რაც ასევე არ არის გამორიცხული. ვფიქრობ, მეორე ტური ოპოზიციის სერიოზული გამარჯვება იქნებოდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button