skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ნათელაშვილს არ დავიჭერთ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაიჭერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია კენჭი იყაროს იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებში. 


”ნათელაშვილი იმალება სადღაც სარდაფში და იძახის: გამომიშვით სარდაფიდან, არ დამიჭიროთ. ვეუბნები: არ დაგიჭერთ,”- განაცხადა სააკაშვილმა დღეს ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, ”მას [ნათელაშვილს] აქვს სრული უფლება კენჭი იყაროს სარდაფში დამალულმა პრეზიდენტად”.


გენერალურმა პროკურატურამ 9 ნოემბერს შალვა ნათელაშვილს ჯაშუშობასა და საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში დასდო ბრალი, მათ შორის ნათელაშვილის რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერების საფუძველზე, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა.


თუმცა 10 ნოემბერს პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ დაპატიმრების საფრთხე შალვა ნათელაშვილს არ ემუქრება, ”ვინაიდან გამოძიების გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოპერატიული მასალის თაობაზე იგი დაიკითხება მოწმის სახით”.


ამ დროისთვის ნათელაშვილის ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა მისი თანაპარტიელები აცხადებენ, რომ ის საქართველოში იმყოფება და სამედიცინო მკურნალობას გადის არასტაციონარულ პირობებში.


ნათელაშვილი ასევე მოითხოვს უსაფრთხოების განატიებს საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ტეფტის სახელზე გაგზავნილ წერილში, განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ნესტან კირთაძემ.


”ნათელაშვილი ეუბნება ელჩს, რომ ის, როგორც რეალური პრეზიდენტობის კანდიდატი, დგას საფრთხის ქვეშ, ვინაიდან სააკაშვილს განზარხული აქვს მისი პოლიტიკური და ფიზიკური ჩამოცილება სარბიელიდან,”- განაცხადა კირთაძემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button