Placeholder canvas
ახალი ამბები

მოსკოვი სააკაშვილის განცხადებებზე ”ადეკვატური პასუხით” იმუქრება

მოსკოვი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს აფასებს, როგორც ”პოლიტიკურად უპასუხისმგებლო პროვოკაციას”, რაზეც ”ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული,” ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.


დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არეულობა რუსეთმა დაგეგმა და შეასრულა ქართული რადიკალური ოპოზიციური ძალების მეშვეობით.


”მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის პათოსი ერთისკენ მიდის  – საგარეო საფრთხის გამო საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აპატიონ პრეზიდენტს ყველა ცოდვა და შეეგუონ იმას, რომ ის ”წესრიგს ძლიერი ხელით” ამყარებს,”- ნათქვამია 7 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ თბილისში გარკვეულ ძალებს კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარება სურთ.


”ჩვენ არ წამოვეგებით მზარდ პროვოკაციებს, დავრჩებით მშვიდობის და რეგიონში წესრიგის საიმედო გარანტები,”- აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.


”ასევე გვინდა მოვუწოდოთ მათ, ვისაც პირდაპირი გავლენა აქვს თბილისზე,  გააფრთხილოს საქართველოს ხელისუფლება თავი შეიკავოს შემდგომი დესტრუქციული ნაბიჯებისაგან,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ამის შესახებ დაპირებები ჩვენ არაერთხელ მიგვიღია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი შესრულდება”.

მსგავსი/Related

Back to top button