skip to content
ახალი ამბები

დეპუტატი ქურდაძე: არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება

გადაწყვეტილება არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების თაობაზე უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ის არ შეიცვლება, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ირინა ქურდაძემ 4 ნოემბერს.


ირინა ქურდაძე პარლამენტის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსია და ის, როგორც წესი, ნინო ბურჯანაძის სახელით საუბრობს.


მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი პარტიის ლიდერების პოზიცია, რომ გადაწყვეტილება არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების თაობაზე საგარეო ფაქტორებს უკავშირდება.


ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ სურთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს დაემთხვეს, რომელიც 2008 წლის მარტშია დაგეგმილი. ამის ძირითად მოტივად სახელდება “სერიოზული რისკის” არსებობა, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოს არჩევნებით მანიპულირება მოახდინოს, ან თუნდაც “სერიოზული პროვოკაციები მოაწყოს” საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რაც შიდა რუსული მოხმარებისთვისაა გათვალისწინებული.


“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ორივე ომი ჩეჩნეთში დაემთხვა არჩევნებს რუსეთში, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ,” – განაცხადა ქურდაძემ.


მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა დიალოგისთვის ოპოზიციასთან იმ მოთხოვნებზე, რომლებიც, მისი თქმით, “ლოგიკურია” და რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, მათ შორის საუბარია საარჩევნო კოდექსზე.


ქურდაძემ დაგმო საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გუგული მაღრაძის მიერ 4 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, რომლის თქმითაც, ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების აპრილში გამართვასთან დაკავშირებით “კანონიერად და მორალურად” გამართლებულია.


“ჩვენ დიდი ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება არჩევნების 2008 წლის ბოლოს გამართვასთან დაკავშირებით და მას თავისი პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამოეხატა,” – განაცხადა ქურდაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button