ახალი ამბები

ჟვანიას გარდაცვალების გარშემო კითხვები მატულობს







ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების
გარემოებებზე საგამოძიებო ფილმის სანახავად
ვაკის პარკში უამრავი ხალხი შეიკრიბა. 
რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა 5 ოქტომბერს, საღამოს ვაკის პარკში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიერ გადაღებული საგამოძიებო ფილმის სანახავად, რომელიც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს ეხებოდა.


ფილმის ჩვენება იმ ათი ოპოზიციური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, რომელთაც ცოტა ხნის წინ ალიანსი შექმნეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.


ეს კომახიძის უკვე მეორე საგამოძიებო ფილმია და პირველის მსგავსად, ესეც ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტებზე, რომლებიც, ავტორის თქმით, გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება.


წინასწარი ოფიციალური ვერსიის თანახმად (გენერალურ პროკურატურას საბოლოო დასკვნები გამოძიების შესახებ ჯერ არ გამოუქვეყნებია), პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. ინციდენტი 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ჟვანიასთან ერთად იმავე ბინაში აღმოჩნდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუფოვის გვამი, რომელიც, არსებული ვერსიით, ასევე გაზით მოიწამლა. გამოძიების ამ ვერსიას ჟვანიების ოჯახი უნდობლობას უცხადებს.


დებატები ჟვანიას გარდაცვალების გარშემო არსებული გარემოებების შესახებ მას შემდეგ განახლდა, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო, 25 სექტემბერს – მისი დაპატიმრებიდან ორი დღით ადრე – განაცხადა, რომ ჟვანიას გვამი მიტანილ იქნა იმ ბინაში, სადაც ის მოგვიანებით აღმოაჩინეს.


ფილმშიც იგივეა ნათქვამი იმ რამდენიმე მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელიც ოფიციალური გამოძიების ნაწილია. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, იმ ბინაში, სადაც ჟვანიას და უსუფოვის ცხედრები იქნა აღმოჩენილი, მათი თითის ანაბეჭდები არ არსებობს.   


ფილმი ასევე ამახვილებს ყურადღებას აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტთა დასკვნებში არსებულ ”შეუსაბამობებზე”.


საქართველოს მთავრობის თხოვნით, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტებმა 2005 წლის 9 თებერვალს ექსპერიმენტი ჩაატარეს იმ ბინაში, სადაც ჟვანიას და უსუფოვის გვამები იქნა აღმოჩენილი. მათ მაქსიმალურად მიუახლოვეს ჰაერის მდგომარეობა იმ პირობებს, რომელიც ბინაში ორი ადამიანის გარდაცვალების დროს არსებობდა.


”ექსპერიმენტის დროს არ ყოფილა აღმოჩენილი რაიმე ისეთი გარემოება, რაც ეწინააღმედება საქართველოს  მთავრობის მიერ ადრე გაკეთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ ჟვანია და უსუფოვი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ“, ნათქვამია ბიუროს მიერ გაკეთებულ დასკვნაში.


თუმცა, იგივე დასკვნა აცხადებს, რომ ჰაერის მდგომარეობას ექსპერიმენტის  დროს არ მიუღწევია ჟანგბადის შემცველობის 16%-იანი დონისთვის, რაც სიცოცხლისათვის საშიშ ზღვარს წარმოადგენს. ”ადგილზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გაზის გამათბობლის ზემოქმედებით ბინაში ჟანგბადის შემცველობა 18%–მდე დაეცა,” ნათქვამია დასკვნაში.


აშშ-ს პროფესიონალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის სტანდარტებზე დაყრდნობით, დასკვნაში ნათქვამია, რომ ”სუნთქვის დაზიანება, რამაც შესაძლოა გულის დააზიანოს, გამოწვეულია მაშინ, როცა ჟანგბადის დონე ატმოსფეროში 12,5%-ს აღწევს, ხოლო სიკვდილიანობას მისი 10%-იანი დონე იწვევს”.


კომახიძის ფილმში ასევე მახვილდება ყურადღება ლევან სამხარაულის ბურუსით მოცულ მკვლელობაზე. სამხარაული იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის უფროსი იყო. გამათბობლის შემოწმება ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრში განხორციელდა სამხარაულის თანდასწრებით.


სამხარაული ჟვანიას გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ ყვარელში მოკლეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მოგვიანებით თავი მოიკლა.


საგამოძიებო ექსპერტმა, რომელმაც გვამს ექპსერტიზა ჩაუტარა, დაადასტურა, რომ სამხარაულის მკვლელობაში ეჭვმიტანილს თავში და გულში ჰქონდა ორი ტყვია ნასროლი.


ვაკის პარკში ფილმის ჩვენებამდე ხანმოკლე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დროსაც ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას მოუწოდეს ”სიმართლე” ეთქვათ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ.


ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ის ჟვანიას მეგობარი არასდროს ყოფილა. ”მე მისი ოპონენტი ვიყავი,” – განაცხადა მან, ”მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ პოლიტიკას დიდი ზიანი მიაყენა ჟვანიას გარდაცვალებამ, რადგანაც ის იყო შემაკავებელი პიროვნება, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ დიალოგში მონაწილეობა და მას შეეძლო ოპონენტების მოსმენა – ის, რაც ახლანდელ ხელისუფლებას არ შეუძლია”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button