საქართველომ ხელი არ მოაწერა დსთ-ს განვითარების კონცეფციას
საქართველომ დღეს უარი თქვა დსთ-ს განვითარების კონცეფციის ხელმოწერაზე იმის გამო, რომ საქართველოს მიმართ ამ ორგანიზაციის ფარგლებში ”არცერთი პოზიტიური ნორმა არ მუშაობს” და ძირითადად, ეს უკავშირდება მოსკოვის მიერ თბილისისადმი დაწესებულ ეკონომიკურ ემბარგოს, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დუშანბეში დსთ-ს მეთაურთა სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს.
”ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები თითქმის [დსთ-ს] ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც არ სრულდება,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”რადგან პრაქტიკულად საქართველოს მიმართ მოქმედებს 100%-იანი ეკონომიკური, სავაჭრო, სავიზო და სატრანსპორტო ემბარგო”.
ქართული მედია იტყობინება, რომ სამიტის ფარგლებში არ შედგა მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირისპირ მოლაპარაკებები მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა.
”ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ რუსეთთან კონსტრუქციული სახით, მზად ვართ გავმართოთ ყველა შეხვედრა ყველა დონეზე, მათ შორის პრეზიდენტების დონეზე, მაგრამ ჩვენ დღეს ვერ ვიტყვით, რომ ეს [დსთ-ს] მექანიზმები კარგად მუშაობს და თავს ვერ მოვიტყუებთ,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)