skip to content
ახალი ამბები

პროკურატურა ოქრუაშვილის საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს

გენერალურმა პროკურატურამ 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა ახალი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს რომ ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვავის მოწოდებაზე გაფორმებული უკანონო ხელშეკრულების საფუძველზე ბიუჯეტმა 205 ათას 500 დოლარის თანხა იზარალა.


გენპროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქმე ეხება ხელშეკრულებას, რომელიც  2006 წლის 27 ივნისს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა იასონ ჩიხლაძემ, რომელიც ამჟამად ძებნაში იმყოფება, გააფორმა ვირჯინიის კუნძულებზე (ოფშორულ ზონაში) გაფორმებულ კომპანიასთან “AG Transport and Development” 4 ათასი ტონა საავიაციო ნავთის თურქმენეთიდან მიწოდებაზე საერთო ღირებულებით 2 მლნ 903 ათასი ამერიკული დოლარი.


”კონტრაქტში მოწოდებული 1 ტონა საწვავის ფასად 725,7 ამერიკული დოლარი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც იმ დროისათვის  საწვავის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 671,2 აშშ დოლარს შეადგენდა,”- განაცხადა გვარამიამ, ”ამასთანავე, ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს უკვე ჰყავდა ბენზინის მომწოდებელი კონტრაქტორი ფირმა შპს “ავიასაწვავსერვისი”, შესაბამისად არ არსებობდა არანაირი ობიექტური საბაბი ახალ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებისათვის. მით უფრო, რომ ამ პერიოდში შპს ”ავიასაწვავსერვისს” იგივე საწვავი, იმავე ქვეყნიდან – თურქმენეთიდან, შემოჰქონდა 1 ტონა 675 ამერიკულ დოლარად”.


გვარამიას განცხადებით, ამ ოფშორულ კომპანიასთან კავშირი ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარს ქიბარ ხალვაშს, რასაც მისი დაცვის უფროსის დავით ველიჯანაშვილის ჩვენებები ადასტურებს, რომელიც პირადად იყო ჩართული საწვავის მოწოდების პროცედურებში. გამოძიებაში ასევე იკვეთება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პირადად იყო დაინტერესებული ამ საქმით, აცხადებს გვარამია. 


მისი თქმით, ამ ახალი გარემოებების გამო მოხდება ირაკლი ოქრუაშვილისადმი კიდევ ერთი ბრალის წაყენება და მისი მეგობრის ქიბარ ხალვაშის მოწმის სახით დაკითხვა.


”ამ ეპიზოდით და ასევე მშენებლობასთან დაკავშირებული ეპიზოდით იკვეთება, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციების მატარებელი და ფიგურანტი არის ქიბარ ხალვაში, რომელიც ოფიციალურად არის გამოძიების ორგანოების მიერ ამ ეტაპზე მოწმედ დაბარებული,”- განაცხადა გვარამიამ, ”თუმცა ჩვენი ინფორმაციით იგი არის ამჟამად მიმალვაში და არ ცხადდება გამოძიების ორგანოებში”.


მშენებლობის ეპიზოდი უკავშირდება გამოძიების კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც ”2005 წლის იანვარში იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაუკავშირდა თავის უახლოეს მეგობარს ქიბარ ხალვაშს, რომელსაც შეუთანხმდა მისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით დაეფუძნებინათ სამშენებლო პროფილის საწარმო, რომელთანაც იგი გააფორმებდა ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მშენებლობითი სამუშაოების შესასრულებლად”. ამ გარიგების ფარგლებში, აცხადებს პროკურატურა, ხალვაშის კომპანიამ 140 მლნ ლარის სამუშაოები შეასრულა.


წინასწარ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button