skip to content
ახალი ამბები

სოხუმი დაკავებული აფხაზების გათავისუფლებაში ევროპის საბჭოს დახმარებას ითხოვს

აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, მას სურს, რომ ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგმა დახმარება აღმოუჩინოს ქართული მხარის მიერ 20 სექტემბრის შეტაკების შედეგად დაკავებული შვიდი აფხაზი მესაზღვრის გათავისუფლებაში.


თომას ჰამარბერგმა, რომელიც თბილისსა და სოხუმს 2007 წლის თებერვალში სტუმრობდა, ქართულ მხარეს პატიმარ ლევან მამასახლისის გათავისუფლებაში დაეხმარა. მამასახლისმა აფხაზურ ციხეში ხუთი წელი გაატარა.


”მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის საბჭოს კომისართან და ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთაც ეს საკითხი უნდა მოაგვარონ,”- იტყობინება ”აფსნიპრესი” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. ბაღაფშმა ეს განცხადება 24 სექტემბერს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


”აფხაზეთს უამრავი ”ადამიანის უფლებათა დამცველი” სტუმრობს, რომელიც ქართველების უფლებებს იცავენ. თუმცა, მათ ასევე აფხაზ მესაზღვრეებზეც უნდა იზრუნონ,” – განაცხადა ბაღაფშმა.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button