skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: ცხინვალის ტერიტორიაზე გაზსადენის მშენებლობის საკითხი არ განიხილება

სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ძირაკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობის თაობაზე მოლაპარაკებები არც ოსურ და არც რუსულ მხარეებთან არ წარიმართება, სანამ ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების სრული იურისდიქცია არ აღდგება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 29 აგვისტოს.
 
გასულ კვირას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის პრემიერმა იური მოროზოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძირაკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობის საკითხზე , რაც ქართულ მხარესთან არის შეთანხმებული და  რომლის სამშენებლო სამუშაოების განხორციელბისთვის მზადყოფნა გამოხატა საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანიამ ”იტერა”. მოროზოვის ინფორმაციით, უშუალოდ მოლაპარაკებებში  საქართველოს ხელისუფლება ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის სახით 20 სექტემბრის შემდგომ ჩაერთვება.


”ჩვენ ამ საკითხს ბუნებრივია არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავთ ჯერჯერობით, მანამ სანამ ცხინვალში არ იქნება აღდგენილი ჩვენი ფაქტიური და არამხოლოდ იურიდიული უფლებამოსილება… ჩვენი უმთავრესი ამოცანა უახლოესი პერიოდის განმავლობაში არის ფაქტიური უფლებამოსილების აღდგენა საქართველოს ტერიტორიის ამ ნაწილზე…ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი რაოდენობის მილსადენების მშენებლობის საკითხი განვიხილოთ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


 ”ბევრ კომპანიას შეიძლება უნდა, სურვილი აქვს ან მომავალში ქონდეს სურვილი ასეთი მილსადენის მშენებლობის, მაგრამ ყველა კომპანიის სურვილს ხომ ვერ განვიხილავთ. ესეთი თანხმობა, ესეთი განხილვა ენერგეტიკის სამინისტროში არ ყოფილა”, – განაცხადა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განცხადებით, ნებიმიერი პროექტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, შეთანხმებული უნდა იქნას  საქართველოს ხელისუფლებასთან.


”ნებისმიერი სახის პროექტი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა განხორციელდეს მოლაპარაკებული უნდა იქნას ორ ქვეყანას შორის”, – განაცხადა ანთაძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button