skip to content
ახალი ამბები

შსკ-ს სხდომის ჩატარება დამოკიდებულია დაბომბვის ინციდენტის გამოძიებაზე- აცხადებენ თბილისში

შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის ჩატარება ”მნიშვნელოვან წილად დამოკიდებული იქნება” 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის მიუკერძოებელ გამოძიებაზე, აცხადებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


”აღნიშნულ ქმედებაში [6 აგვისტოს ინციდენტი] რუსეთის მხარის მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში, სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგება რუსეთის, როგორც სამშვიდობო პროცესში მთავარი შუამავლისა და ხელშემწყობი მხარის სტატუსის მართლზომიერება, ასევე მასთან შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობა მოლაპარაკებების არსებულ ფორმატში,” – ნათქვამია 9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველო აცხადებს, რომ რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა, SU-24-მა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და შიდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს ჩამოაგდო მართვადი რაკეტა, რომელიც არ აფეთქებულა. თბილისი ინციდენტის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.


ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას შსკ-ს სხდომაში, რომელიც რუსული მხარის აქტიური შუამავლობით სექტემბრის მეორე ნახევრისთვის თბილისში დაიგეგმა, თუ შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიები იქნება უზრუნველყოფილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button