skip to content
ახალი ამბები

კოვალენკო ოლიმპიადის მომზადებაში აფხაზეთის მონაწილეობაზე საუბრობს

რუსეთი დაინტერესებულია შეისწავლოს აფხაზეთის პოტენციალი სოჭში 2014 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მომზადების პროცესში, განაცხადა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ. 


თუმცა, მან იქვე დასძინა: ”არავის უთქვამს, რომ რუსეთი ამის გაკეთებას საქართველოს გარეშე აპირებს”.


რუსეთის დიპლომატის ეს კომენტარი მიზნად ისახავდა რუსეთის ოფიციალური პირების მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებზე საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქციის შემსუბუქებას.


რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჟუკოვმა 19 ივლისს განაცხადა, რომ აფხაზეთში არის ყველა საშუალება ცემენტის ქარხნების ასაშენებლად, რომელიც საჭიროა სოჭში სპორტული ობიექტების და სხვა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ 27 ივლისს განაცხადა, რომ თბილისი მხოლოდ მიესალმება ინვესტიციებს აფხაზეთში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ მოხდება ამ პროექტების შეთანხმება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.


”ცალმხრივი საინვესტიციო პროექტები დაუშვებელია,” – დასძინა მან.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ასევე გააფრთხილა რუსეთი აფხაზეთში ინვესტიციების ცალმხრივად განხორციელების თაობაზე.


მან 26 ივლისს განაცხადა, რომ თუ რუსეთი განაგრძობს ცალმხრივ ქმედებებს აფხაზეთის მიმართ, ”ასეთ შემთხვევაში სოჭის ოლიმპიადამ შეიძლება გაიზიაროს მოსკოვის ოლიმპიადის ბედი [1980 წელს, როცა მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ოლიმპიადას საბჭოთა კავშირის პოლიტიკის გამო]”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button