ახალი ამბები

სააკაშვილი ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნის მოტივებზე საუბრობს

დავით ბაქრაძის ”დიდი გამოცდილება” ევროკავშირთან ურთიერთობაში გახდა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მისი დანიშვნის მთავარი მიზეზი, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 ივლისს. 


”მისი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი მოქმედება კონფლიქტების მოგვარების მხრივ ბევრად უფრო ინტენსიური გავხადოთ მთელ ფრონტზე,” – განაცხადა სააკაშვილმა.


”ჩვენ ძალიან გვინდა, რომ დავით ბაქრაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნა აღქმული იყოს ჩვენს მზადყოფნად, ბევრად უფრო აქტიურად ჩავრთოთ ამ პროცესში ევროკავშირი და ამ საკითხებზე ბევრად უფრო ინტენსიური დიალოგი განვაგრძოთ რუსეთის ფედერაციასთან,” – დასძინა სააკაშვილმა.


მისი თქმით, საქართველო დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, რისი მიზეზიც ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო მხარდაჭერაა.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობაში დღეს ”პროგნოზირებადი სიტუაციაა”. ის, სავარაუდოდ, გულისხმობდა ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს, მთავრობაში შესაძლო ცვლილებების თაობაზე.


დავით ბაქრაძემ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მერაბ ანთაძე ჩაანაცვლა. მერაბ ანთაძე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში – მას ეს თანამდებობა გასული წლის ივლისში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნამდე ეკავა.


სააკაშვილმა ეს განცხადება სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა, რომელსაც დავით ბაქრაძე და მერაბ ანთაძეც ესწრებოდნენ.


პრეზიდენტმა ასევე შეაქო მერაბ ანთაძე, მას ”პროფესიონალი დიპლომატი და პატრიოტი” უწოდა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა.


ახალმა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კონფლიქტები საქართველოში აღარ არის გაყინული, არამედ ”მოგვარების აქტიურ ფაზაზე გადადის”.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button