skip to content
ახალი ამბები

რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები აფხაზეთში ქონებას ფლობენ, აცხადებენ თბილისში

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, იმ პირებს და სტრუქტურებს შორის, რომელთაც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რეგიონში ქონება შეიძინეს, არიან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები, გუბერნატორი, ფინანსური მაგნატი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი.


სიაში სულ 31 ობიექტია შესული – ძირითადად აგარაკები, სანატორიუმები და სასტუმროები – რომლებიც ცოტა ხნის წინ აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გაყიდა.


ამავე დოკუმენტის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაგრაში, სოხუმში და გუდაუთაში სამი აგარაკის მფლობელია, ხოლო გაგრაში ორი სანატორიუმი აქვს იჯარით აღებული.


რუსეთის ალუმინის მაგნატი ოლეგ დერიპასკა ”ხოლოდნაია რეჩკას” – სტალინის ყოფილი აგარაკის მფლობელია.


რუსეთის კრასნოდარის მხარის გუბერნატორს ალექსანდრე ტკაჩოვს გაგრაში ”ბერიას აგარაკად” ცნობილი საზაფხულო ვილა ეკუთვნის.


რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს (როსატომის) ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო, აფხაზეთში ორ ღვინის ქარხანას ფლობს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანახმად.


დოკუმენტში ასევე შევიდნენ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც გარკვეული ქონების მფლობელები აფხაზეთში. დანარჩენ ქონების მფლობელები აფხაზი ბიზნესმენები არიან, ხოლო ერთი აგარაკი გაგრაში თურქულ ფირმას ეკუთვნის.


საქართველოს ხელისუფლებამ გააფრთხილა რუსეთი, რომ არ ჩადოს ინვესტიციები თვითგამოცხადებულ რეგიონში.


”აფხაზეთში ქონების გაყიდვა უკანონოა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს კვლავ ხდება,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 9 ივლისს.


”ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოვა დრო, როდესაც უკანონოდ შეძენილი ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება,” – განაცხადა მან.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის აპირებს სთხოვოს უცხოურ ბანკებს დახუროს იმ რუსული ფირმების და ფიზიკური პირების ანგარიშები, რომელთაც აფხაზეთში ქონება შეიძინეს.        


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button