ახალი ამბები

ლომაია საჯარო სკოლებში დემოკრატიულ მმართველობაზე საუბრობს

საჯარო სკოლების დირექტორების არჩევნებით დაიწყო დემოკრატიული მმართველობის ეტაპი, რამაც კომუნისტური მმართველობის ფორმა დაასრულა, განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ 9 ივლისს.


სკოლების დირექტორების არჩევნები 7 ივლისს საქართველოს მასშტაბით 1 500-მდე საჯარო სკოლაში გაიმართა. დირექტორები მასწავლებლების, მშობლებისა და ერთი მოსწავლისგან შემდგარმა სკოლის სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს.


”ზუსტად ერთი წლის წინ, სკოლებში დემოკრატიული თვითმმართველობის ჩამოყალიბების ეტაპი სამეურვეო საბჭოს არჩევნებით დაიწყო და ლოგიკურად, გეგმაზომიერად დასრულდა არჩევნებით,” – განაცხადა ლომაიამ.


მისი თქმით, ამ რეფორმების შედეგად საჯარო სკოლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადეს. 


”მოსწავლე დემოკრატიულ სკოლაში არის არა საშუალება, ჭანჭიკი, არამედ მიზანი; ახალ სასკოლო გარემოში გაიზრდებიან არა იდეოლოგიზებული მოქალაქეები, არამედ თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებები; მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და დირექტორებს გადაეცათ ყველა ის სახელისუფლო ბერკეტი, რომელიც საჭიროა სკოლის ღირსეული გაძღოლისა და განვითარებისთვის,” – განაცხადა განათლების მინისტრმა.


მისი თქმით, ამ რეფორმის შედეგად სკოლებში ”ლიდერთა ახალი თაობა” მოვიდა, რომელთა საშუალო ასაკიც 44 წელს შეადგენს.


სკოლის დირექტორთა კანდიდატების შერჩევის პროცესი გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პირველ ეტაპზე დაახლოებით 5 200 კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში, რომელიც 3 500 კანდიდატმა გაიარა. მათ, ვინც უკეთესი შედეგები მიიღეს, მიეცათ საშუალება სასურველი სკოლა თავად ამოერჩიათ. დანარჩენი კანდიდატებისთვის სკოლები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.


9 ივლისს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ ასევე განაცხადა, რომ რეფორმების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებასთან ერთად, ხელისუფლება ყურადღებას გაამახვილებს განათლების სექტორის დაფინანსების გაზრდასა და მასწავლებელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.


”რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრი [ზურაბ ნოღაიდელი] წარმოადგენს გეგმას სკოლების დაფინანსების გაუმჯობესების თაობაზე,” – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button