ახალი ამბები

კოკოითი სამხრეთ ოსეთის ძალოვანებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 2 ივლისს განაცხადა, რომ მან მოუწოდა სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს ”მაქსიმალური თავშეკავება” გამოიჩინონ და არ უპასუხონ თბილისის ”პროვოკაციულ” ქმედებებს.


”ვიცი, რომ ეს ადვილი არ არის. მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ. საქართველოს ომი სურს. მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა,” – განუცხადა კოკოითმა მთავრობის წევრებს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება.


”ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ იმ სცენარს, რომელიც საქართველომ მოგვახვია თავს,” – დასძინა მან.


ბოლო დღეებში კონფლიქტის ზონაში სროლები დაფიქსირდა, რის შედეგადაც ოთხი ქართველი და ორი ოსი დაიჭრა. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ერთი ოსი მილიციელი სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ მხარდაჭერა აღუთქვა ცხინვალს თბილისთან საომარი მოქმედებების შემთხვევაში. ”ინტერფაქსის” ცნობით,  ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა თეიმურაზ მამსუროვმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა საჭიროების შემთხვევაში ”მოძმე ოსი ხალხის” მხარდაჭერის თაობაზე.


თუმცა, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიან მოგვარებას ემხრობა და სეპარატისტულ ხელისუფლებას დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.


რეგიონში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებაა დაწყებული და ქართული მხარის მტკიცებით, საომარი მოქმედებების განახლება ხელს შეუშლის მცდელობას, რომ თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია უფრო მიმზიდველი გახდეს რეგიონის დანარჩენი მოსახლეობისთვის. თბილისს სურს, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციას მიანდოს პროექტების განხორციელების მანდატი.  


იმავდროულად, კონფლიქტის ზონის ადგილობრივი ქართული მოსახლეობა განაგრძობს საპროტესტო აქციას და ცხინვალისკენ მიმავალი საავტომობილო გზის ბლოკირებას. ისინი ქართული სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების აღდგენას მოითხოვენ.


აქციის მონაწილეებმა 2 ივლისს სოფელ ერგნეთში კარვები გაშალეს.


”ჩვენ ცხინვალისგან პასუხი არ მიგვიღია მათი გეგმების თაობაზე [წყალმომარაგებასთან დაკავშირებით],” – განაცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დიმიტრი მანჯავიძემ 2 ივლისს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button