ახალი ამბები

საქართველომ და აშშ-მ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 ივნისს ვაშინგტონში გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას ”სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება”, იტყობინება აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის სამსახური. 


შეთანხმებას “ინვესტიციებსა და ვაჭრობაში მხარდაჭერის” შესახებ ხელი მოაწერეს აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ ჯონ ვერონომ და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ. 


შეთანხმება “ინვესტიციებსა და ვაჭრობაში მხარდაჭერის” შესახებ ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ერთობლივი სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოს შექმნას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებზე იმუშავებს, მათ შორის ვაჭრობის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების, შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.


საბჭო ასევე უზრუნველყოფს საინვესტიციო შესაძლებლობების ზრდას იმ ხელის შემშლელი პირობების დადგენისა და თავიდან აცილების გზით, რომლებიც აფერხებენ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ნაკადს.


საბჭოს პირველი შეხვედრა ვაშინგტონში 21 ივნისს გაიმართება.


”ჩვენ ქვეყნებს შორის გაზრდილი ვაჭრობა და ინვესტიციები დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის რეფორმასა და განვითარებაში და ასევე  საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში… იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება უზრუნველყოფს რეალური პროგრესის მიღწევას ამ მნიშვნელოვან საქმეში, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ,” – განაცხადა ჯონ ვერონომ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button