ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბრობს
ეკონომისტმა გია მაისაშვილმა, რომელიც ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე იყო, 20 ივნისს განაცხადა, რომ იგი 2008 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
”ჩვენი მიზანი იქნება შევქმნათ შესაძლებლობებით სავსე საქართველო, რომელიც დაეფუძნება ეკონომიკის ცოდნას, პასუხისმგებლობას და სოლიდარობას,” – განუცხადა მაისაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს” 20 ივნისს.
”საქართველოს აქვს მისია, რომ იყოს მთის მწვერვალზე შემდგარი კაშკაშა ქალაქი. ეს არ არის ამბიცია ჩემი პიროვნულობის ირგვლივ… ეს არის ჩემი მისია და მე ეს მისია უნდა შევასრულო,” – დასძინა მან.
გია მაისაშვილი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, კორპორაცია Enron-ში მუშაობდა ეკონომისტად, თუმცა 2001 წელს დატოვა ეს სამსახური.
იგი საქართველოში 2003 წლის ”ვარდების რევოლუციამდე” ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა და მაშინდელი ოპოზიციის ლიდერს მიხელ სააკაშვილს დაუახლოვდა. იგი მას ეკონომიკურ საკითხებში უწევდა კონსულტაციებს; თუმცა, რევოლუციის შემდეგ მათი გზები გაიყარა.
მოგვიანებით, მაისაშვილმა თბილისში ლიდერთა სკოლა ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც, სკოლის ვებ-გვერდის თანახმად, ”ნიჭიერ, ჭკვიან და გამბედავ ლიდერთა ახალი თაობის” ჩამოყალიბებაა.
მაისაშვილი არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. მან ჩამოაყალიბა მოძრაობა ”მომავლის მთავრობა”, რომელიც არასოდეს ყოფილა პოლიტიკურად აქტიური.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)