skip to content
ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციამ რადიაციული ჯართის შემოტანა აღკვეთა

15 ივნისს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე “წითელ ხიდზე” აზერბაიჯანიდან  სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას “მერსედესის” მარკის სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურმა დეტექტორმა მაღალი რადიაციული ფონი დააფიქსირა.


საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, ავტომანქანას, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა და ტვირთის კანონიერების დამადასტურებელი ყველა საბუთი გააჩნდა,  შემოჰქონდა სხვადასხვა სახის  ლითონის ჯართი.

რადიაციული ფონი, კერძოდ პლატინიუმ-ბერილიუმი გამოსხივებით 300 ნეიტრონი წამში ჯართში არსებულ ერთ მილზე დაფიქსირდა. მსგავს მილებს იყენებენ ჭაბურღილებისათვის.


მესაზღვრეებმა ადგილზე გარემოს დაცვის სამინისტროსა და შსს-ს შესაბამისი სამსახურის ექსპერტები გამოიძახეს. მათ შეისწავლეს მილზე არსებული რადიაციული ფონი და ”სამი უწყების სპეციალისტთა ერთობლივი აქტის საფუძველზე გადაწყდა ჯართის უკან გაბრუნება. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანელ კოლეგებს ეცნობა”, აცხადებს სასაზღვრო პოლიცია.


ამავე ცნობით, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით 2008 წლისთვის საქართველოს ყველა საკონტროლო გამშვები პუნქტი აღჭურვილი იქნება უახლესი ტიპის რადიაციული დეტექტორებით, რომელიც მაქსიმალურად აფიქსირებს ტვირთებზე მცირე რადიაციულ ფონსაც კი და გამორიცხავს სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერებების ქვეყანაში შემოტანას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button