skip to content
ახალი ამბები

MCC აღმასრულებელი დირექტორი თბილისში ჩამოდის

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორი ჯონ დანილოვიჩი 13-15 ივნისს საქართველოს ეწვევა და აშშ-ს დახმარების პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო პროექტების მიმდინარეობას შეამოწმებს.


საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის 295 მილიონ აშშ დოლარიანი  დახმარების პროგრამა 2005 წელს დაიწყო, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას.


ჯონ დანილოვიჩი ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც შეამოწმებს. ამ სტრატეგიული გაზსადენის რეაბილიტაციისთვის, რომლის საშუალებითაც ხორციელდება რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირება საქართველოში, ასევე საქართველოს გავლით სომხეთში, 49,5 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.   


ქართული და ამერიკული მხარეების მიერ 2005 წლის სექტემბერში ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კონტრაქტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფლება ”გაყიდოს, ან გადასცეს ან ნება დართოს გაზსადენის გაყიდვაზე ან გადაცემაზე”, სანამ არ ამოიწურება კონტრაქტის ვადა, ანუ 2010 წლამდე.  


ჯონ დანილოვიჩი ასევე გეგმავს ახალქალაქში ჩასვლას და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გზების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შემოწმებას.


MCC-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი – 102 მილიონი აშშ დოლარი – სწორედ ამ რეგიონზე გამავალი მაგისტრალური გზის – 245 კილომეტრიანი მონაკვეთის  – რეაბილიტაციაზე მოდის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button