skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტიდან” განათლების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას გადადგმომა მოითხოვეს, რადგანაც, მათი თქმით, სამინისტროში გასულ წელს სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს 40 მილიონი ლარი გაიფლანგა.


დემოკრატიული ფრონტის ეს განცხადება კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნებს ეფუძნება.


კონტროლის პალატის თავმჯდომარის ახლადდანიშნულმა მოადგილემ ლევან მხეიძემ, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა აუდიტის თაობაზე, განაცხადა, რომ ”გარკვეულ დარღვევებს მართლაც ჰქონდა ადგილი”, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია ეხება თუ არა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს.


განათლების სამინისტრომ უარყო რაიმე დარღვევები. კონტროლის პალატის სახელზე გაგზავნილ წერილში, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ მიესალმება აუდიტის განხორციელებას, თუმცა მის დასკვნებს ვერ დაეთანხმება ”ობიექტურობის და სიზუსტის” ნაკლებობის გამო.


დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა დემოკრატიული ფრონტიდან 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონტროლის პალატის დასკვნა საკმარის მტკიცებულებას იძლევა განათლების მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად.


ალექსანდრე ლომაია პრეზიდენტ სააკაშვილთან საკმაოდ დაახლოებული პირია. როდესაც ქართული მედია პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის შესაძლო გადადგომის შესახებ  განცხადებებს ავრცელებს, ალექსანდრე ლომაია ყოველთვის მის სავარაუდო შემცვლელად სახელდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button