skip to content
ახალი ამბები

ბათიაშვილს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს






ბათიაშვილი ბრალდებებს უარყოფს და მათ
პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიის ”წინ საქართველოს“ ერთ–ერთ ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და დანაშაულის დაფარვაში წაყენებული ბრალის გამო შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
 
ბათიაშვილი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსი იყო, 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა კვიციანის ამბოხების ჩახშობა ზემო კოდორის ხეობაში.
 
ბათიაშვილი უარყოფს ბრალდებებს და მის დაპატიმრებას და სასამართლო პროცესს  პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამ მოსაზრებას სხვა ოპოზიციური პარტიები და ადამიანის უფლებათა დამცველებიც იზიარებენ.
 
”ეს აღმაშფოთებელია, ჩვენ სინდისის პატიმარი გვყავს,” – განაცხადა დეპუტატმა კოკა გუნცაძემ.
 
”მისი დაპატიმრების სამართლებრივი მიზეზი არ არსებობდა; ერთადერთი მიზეზი არის პოლიტიკური; ის პოლიტიკური პატიმარია,”- განაცხადა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან.
 
დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებას ”სამარცხვინო, ამორალური და უსამართლო” უწოდა.
 
22 მაისს სასამართლო პროცესის დროს ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო დადგმული სპექტაკლი იყო და უვადო შიმშილობის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. 
 
ბათიაშვილის ადვოკატების განცხადებით, ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში და შემდეგ საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გააგზავნიან, ”თუ საქართველოში ვერ ვიპოვით სიმართლეს”.
 
ბათიაშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები მოიცავს მის მიერ ტელევიზიით გაკეთებულ საჯარო განცხადებებს და სატელეფონო საუბარს ემზარ კვიციანთან, რომელშიც ბათიაშვილი ეუბნება კვიციანს ”მაგრად დადგეს” და მოუწოდოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს არ გამოიყენონ იარაღი და ”არ გაისვარონ სისხლში“. 
 
ბათიაშვილის ადვოკატების განცხადებით, ეს მტკიცებულებები საკმარისი არ არის ამგვარი განაჩენისთვის. მათი თქმით, მტკიცებულება გამოგონილი იყო, ხოლო სატელეფონო ჩანაწერი სამართალდამცავების მიერ დამონტაჟებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button