skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია დანგრეულ ეკლესიასთან დაკავშირებით პარლამენტში ნოღაიდელის მისვლას ითხოვს

ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა 22 მაისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამთავრობო საათზე მოწვევა მოითხოვეს, რათა ინფორმაცია მიაწოდოს დეპუტატებს თუ ვინ და რატომ მიიღო გადაწყვეტილება ხელვჩაურის რაიონში 18 მაისს მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევის თაობაზე.


პრეზიდენტი სააკაშვილი 21 მაისს ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც ასევე დაესწრო შეხვედრას, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პრობლემა, რომელიც ”გაუგებრობის” შედეგი იყო, მოგვარდა.


პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები ნაციონალური მოძრაობიდან შეეცადნენ თავიდან აეცილებინათ ამ საკითხზე მსჯელობა. მათი თქმით, საკითხის შემდგომი პოლიტიზირების საჭიროება არ არსებობს, რადგანაც პრეზიდენტმა და პატრიარქმა უკვე მოაგვარეს ეს პრობლემა.


”პრეზიდენტის და პატრიარქის შეხვედრის შემდეგ მმართველმა პარტიამ გვითხრა, რომ ინციდენტი დასრულებულია და პრობლემა მოგვარებულია… მაგრამ მიუღებელია მოსახლეობა დატოვო ინფორმაციის გარეშე, თუ რა მოხდა სინამდვილეში და ვინ დაუკვეთა ან ვინ განახორციელა ბრძანება ეკლესიის დანგრევის თაობაზე,” – განაცხადა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან.

”ხალხმა უნდა იცოდეს ვინ მიიღო გადაწყვეტილება [ეკლესიის დანგრევაზე], რომლის მსგავსიც არ მიუღია არავის ბოლშევიკების შემდეგ,”- განაცხადა კოკა გუნცაძემ ფრაქცია დემოკრატიული ფრონტიდან.

მან პრეზიდენტ სააკაშვილისაგან ეკლესიის დანგრევის ფაქტზე ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.


”ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ იმ ფაქტს, რომ პრობლემა მოგვარდა ამ შეხვედრის შედეგად, თუმცა არსებობს საკითხის იურიდიული მხარე და ჩვენ პასუხებს მოვითხოვთ… ის, ვინც პასუხისმგებელია ეკლესიის დანგრევაზე, უნდა დაისაჯოს,” – განაცხადა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან.


თავდაცვის მიზნით, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ოპოზიცია საკითხის განზრახ პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს.


”ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული [პარტიების] მცდელობა გამოიყენონ საკითხი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის,” – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button