ახალი ამბები

ეკლესიის დაუმთავრებელი ნაგებობის დანგრევა დაპირისპირებას იწვევს

აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 18 მაისის ღამით თითქმის აშენებული ეკლესიის შენობა დაანგრიეს.


მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მშენებლობა, რომელიც 4 თვის წინ დაიწყო, ”უკანონო” იყო.


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II უკვე დაგმო ხელისუფლების გადაწყვეტილება, როგორც ”ძალიან სამწუხარო ფაქტი”.


”ეს არ უნდა მომხდარიყო,”- განუცხადა ილია II-მ დღეს ჟურნალისტებს.


ბათუმის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა 18 მაისს განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ იგი რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა შეჩერებულიყო ეკლესიის მშენებლობა.


”დამიკავშირდა ბატონი ვარშალომიძე და მითხრა რომ პრეზიდენტს აქვს  სურვილი ამ მთაზე რაღაცის აშენების. არ ვიცი, რაღაც გასართობის აშენებას აპირებენ. მე ვუთხარი, რატომ არ ჩააყენეთ პრეზიდენტი საქმის კურსში, რომ აქ ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს-თქო; რატომღაც მითხრეს, რომ რაღაცნაირად ვერ შევკადრეთო. მერე რამოდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდით [ვარშალომიძეს] და ვუთხარით, რომ მშენებლობას ვერაფრით ვერ გავაჩერებდით, იმიტომ, რომ მრევლს ვერანაირად ვერ აუხსნი რატომ შეიძლება გაჩერდეს ეკლესიის მშენებლობა,”- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.


”20 წელია ვმსახურობ ეკლესიაში და მსგავსი რამ მე არ მახსოვს. შეურაცხმყოფელია თითოეული ჩვენთაგანისთვის, შეურაცხმყოფელია მრევლისადმი. ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო გაუჭირდება მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ცოდვის ტარება,”- დასძინა მან.

ამ ფაქტთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი კომენტარები გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა.


”ნებისმიერ შემთხვევაში ეს ქმედება განხორციელებულია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და შესაბამისად, ის იღებს ყველანაირ პასუხისმგებლობას… უბრალოდ ეს ქმედებები უნდა იყოს კანონიერი და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის კანონიერი. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვა იქნა უკანონოდ გაცემული, ბუნებრივია, მას ჰქონდა უფლებამოსილება შესაბამისი ზომების მიეღო. მაგრამ მოსახლეობას, ან უფრო სწორად საეკლესიო წარმომადგენლებს, თუ აქვს განსხვავებული დამოკიდებულება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მიმდინარეობს მათ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დისკუსია. ეს ყველაზე სწორი გზაა არჩეული,”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო კალანდაძემ.


”მრცხვენია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება,”- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ, ”ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენი ეკლესიის მიმართ, ჩვენი ჯვრის მიმართ, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი”.
   
ოპოზიციამ უკვე დაგმო აჭარის ადგილობრივი ხელმძღვანელობის მოქმედებები, როგორც ”ვანდალიზმი”.


”მათ ეს დავალება მიიღეს ცენტრალური ხელისუფლებისგან და ისინი უბრალოდ ვერ უწევენ წინააღმდეგობას. პასუხისმგებლობა დაეკისრება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეებიდან დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ.   


”ჩვენ გვაინტერესებს ოფიციალური ახსნა-განმარტება ხელისუფლებისგან… თქვენ წარმოიდგინეთ რა აურზაური ატყდებოდა ეს ყველაფერი, რომ ყოფილიყო მიმართული რომელიმე რელიგიური უმცირესობის სალოცავის წინააღმდეგ… ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ქვეყანაში მართლმადიდებლური ქრისტიანების, უმრავლესობის უფლებები იყოს ისევე გარანტირებული, როგორც არის დღეს რელიგიური უმცირესობების უფლებები გარანტირებული,”- განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავამ.


საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში მოქმედ სხვა ინსტიტუტებს შორის მოსახლეობის 80%-იანი ნდობით სარგებლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button