skip to content
ახალი ამბები

გაბაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხელისუფლების ჩარევას უარყოფს

კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ”არანაირი პოლიტიკური ჩარევა არ ყოფილა”.


13 მაისს ყოფილმა ფეხბურთელმა, თბილისის საკრებულოს წევრმა ”ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ნემსაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან ერთ საათში მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, რამაც საფუძვლიანი ვარაუდები გააჩინა ხელისუფლების მხრიდან მასზე შესაძლო ზეწოლის თაობაზე.


”არც ერთხელ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს არ დაუფიქსირებიათ თავისი ღია სიმპათია, ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით და იმ დროს, რომ ამას მოეხდინა ზეგავლენა არჩევნებზე,” – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გიორგი გაბაშვილმა.


არჩევნებში ნემსაძემ ორ კანდიდატს აჯობა – ნოდარ ახალკაცს, ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც არჩევნებზე მისი ძირითადი კონკურენტი იყო და მამუკა კვარაცხელიას, სპორტულ ჟურნალისტს.  გავრცელებული ინფორმაციით, ახალკაცს ხელისუფლების ერთი ნაწილი უჭერდა მხარს.  


ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 17 მაისს არის დანიშნული. დღეს საღამოს კი იწურება კანდიდატების რეგისტრაციის ვადა, თუმცა ჯერ-ჯერობით არავის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად არ გამოუთქვამს.

თბილისში უკვე ჩამოვიდა უეფას ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ხვალინდელ არჩევნებს დააკვირდება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button