ახალი ამბები

პროკურატურამ ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა

საქართველოს პროკურატურა იწყებს ”ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ნარკოტიკულ დანაშაულთან” დევიზით ”ნარკოტიკები მოხმარება არის სირცხვილი, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებელი ყიდის სიკვდილს”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გენპროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ.


მისი თქმით, პროკურატურა პრეზიდენტს პარლამენტში ინიცირებისათვის წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც არეგულირებს შეზღუდვებს ნარკოტიკების გამსაღებელთა და მომხმარებელთა მიმართ. ამ ინიციატივით პრეზიდენტი სააკაშვილი 15 მარტს საპარლამენტო ანგარიშის ფარგლებში გამოვიდა. 


საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკების გამსაღებლებს სამუდამოდ ჩამოერთმევათ საექიმო, საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, საჯარო სამსახურის უფლება.  


”ამასთანავე ჩვენ ვგეგმავთ, რომ ნარკოტიკების გამსაღებლებზე და არა მომხმარებლებზე, გავრცელდეს ქონების ჩამორთმევის ნორმა… საქართველოს პროკურატურა არავითარ შებრალებას ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ არ აპირებს,”- განაცხადა გვარამიამ.   


გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ ნარკოტიკების მომხმარებლებსაც. ახალი საკანობმდებლო პაკეტის თანახმად, მათ სამი წლის ვადით ჩამოერთმევათ მართვის უფლება, საექიმო, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება, ასევე უფლება იყვნენ არჩეულნი და მუშაობდნენ საჯარო სამსახურში.


”თუმცა მხოლოდ ეს ზომები ამ სენის დასამარცხებლად არ არის საკმარისი. სამართალდამცავების ეფექტური მუშაობის და საკანონმდებლო ბაზის გარდა, საჭიროა საზოგადოების ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, ეკლესიის ჩართულობა და განსაკუთრებული როლი აქვს მედიას,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.


სამი თვის წინ საქართველოს პარლამენტმა ასევე დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები.


გაეროსთან არსებული ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სააგენტოს (INCB) მიერ შარშან გავრცელებულ წლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 275,000 ნარკოტიკების მომხმარებელია; ეს მაჩვენებელი 2003 წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა. მოხსენების თანახმად, ეს ზრდა ძირითადად განაპირობა ნარკოტიკული აბების “სუბოტექსის“ იმპორტმა და უკანონო გაყიდვამ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button