skip to content
ახალი ამბები

”მრეწველთა” ორი დეპუტატი ავსტრიის პოლიციამ ცოტა ხნით დააკავა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის ”მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და მისი თანაფრაქციელი თამაზ ყაჭეიშვილი ავსტრიელმა სამართალდამცავებმა ვენაში ერთ-ერთ სასტუმროში ცოტა ხნით დააკავეს, თუმცა დაახლოებით 40 წუთში გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ ადრესატები შეეშალათ.  


”8-10 კაცი შემოიჭრა ავტომატებით, იარაღებით, დაგვადეს იარაღები შუბლზე და საკმაოდ ტერორში ვიმყოფებოდით მთელი 40 წუთის განმავლობაში, სანამ თვითონ რაღაცას არკვევდნენ. შემდეგ როგორც გვითხრეს, ელაპარაკებოდნენ საქართველოში მინისტრს,”- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ 7 მაისს თბილისში ჩამოსვლისთანავე.


მისი თქმით, ცოტა ხანში, მას შემდეგ რაც ავსტრიელმა სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ მათ მიერ დაკავებული პირებიდან არცერთი აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე არ აღმოჩნდა, ბოდიში მოიხადეს.


ტყემალაძემ საქართველოს ელჩს ავსტრიაში მოთხოვა ”ამ პროვოკაციის” მიზეზების დადგენა. 


დეპუტატები ვენაში თანაპარტიელს, წინა მოწვევის პარლამენტის წევრ ლევან პირველს სტუმრობდნენ, რომელიც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგხელისუფლებასთან პრობლემური ურთიერთობის გამო საქართველოში აღარ ცხოვრობს.


ლევან პირველმა ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” განაცხადა, რომ მან წერილობითი და სიტყვიერი ფორმით მიიღო ბოდიში ავსტრიელი პოლიციელებისაგან, რომელთაც ”ოპერაცია ქართველი სამართალდამცავი ორგანოების და კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკვეთით ჩაატარეს”.


”ერთადერთი რითიც იმართლებენ თავს, საქართველო-ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე [ავსტრიელი პოლიციელები] ენდნენ საქართველოს შსს-ს და იმოქმედეს ისე, როგორც უთხრეს საქართველოდან… მე მაქვს წერილობითი დადასტურება ავსტრიის პოლიციისგან, რომ მათ ზურაბ ტყემალაძე შეეშალათ ასლან აბაშიძეში,”- განაცხადა ლევან პირველმა.


თუმცა მან განაცხადა, რომ წვეულებაზე, რომელსაც ტყემალაძე და ყაჭეიშვილი სტუმრობდნენ, მას არ მიუწვევია ინტერპოლის მიერ ძებნილი ასლან აბაშიძე. 


ავსტრიაში მომხდარ ფაქტზე ჯერ-ჯერობით საქართველოს სამართალდამცავებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button