skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებთან საარჩევნო საკითხები განიხილა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და 2008 წლის შემოდგომისთვის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მზადების საკითხი განიხილა.


”ჩვენ განვიხილეთ მომავალი  საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის რიგი საკითხებისა, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია დახმარება გაწიოს საარჩევნო კანონმდებლობისა და არჩევნების ორგანიზების საკითხებში,”- განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება სერიოზულად ემზადება მომავალი არჩევნებისათვის როგორც საკანონმდებლო სრულყოფის, ისე საარჩევნო სიების დახვეწის თვალსაზრისით. მისი ინფორმაციით, ოქტომბრიდან კიდევ ერთხელ განხორციელდება კარდაკარ სიარულის პრინციპით სიების გადამოწმება, ”რათა ის იდეალურს მიუახლოვდეს”.


”მომავალი არჩევნებისათვის ქვეყანა ღირსეულად უნდა იყოს მზად. ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ შემდეგი არჩევნები იყოს ძალიან ახლოს ან საერთოდ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, რომ მინიმალური იყოს შეკითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


მომავალი არჩევნებისათვის ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნა უკავშირდება 7%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებებით კონსერვატორმა დეპუტატებმა უკვე მიმართეს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობს.


”ჩვენ არ უარყოფთ, რომ ამ [ბარიერის დაწევის] თემაზე ვსაუბრობთ, თუმცა არც იმას უარყოფთ, რომ ამ თემას აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები. ეს თემა დისკუსიის ერთ-ერთი საგანია,”- განუცხადა დღეს ”სივილ ჯორჯიას” პარლამენტის თავმჯდომარემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button