ახალი ამბები

სააკაშვილმა თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა განსახილველად.


კანონპროქტში ”თავისუფალი ინდუსტრიული ზონების” შესახებ ნათქვამია, რომ ზონა, რომელიც 10 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს, შესაძლოა შეიქმნას საქართველოს მთავრობის, ან იურიდიული და კერძო პირების ინიციატივის საფუძველზე.


მთავრობამ ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს იურიდიული ან კერძო პირის მიერ წარდგენილი განაცხადი და მიიღოს გადაწყვეტილება ზონის შექმნაზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, ნათქვამია კანონპროექტში.


განაცხადის წარმდგენმა პირმა ასევე უნდა წარადგინოს ფინანსური გარანტიები. მთავრობა გარანტიების დეტალებს 1 სექტემბრამდე განსაზღვრავს. სწორედ ამ დროისათვის შევა კანონპროექტი ძალაში, მას შემდეგ რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს.


თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი უცხოური კომპანიები მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან, ასევე მათ მიერ განხორციელებული ოპერაციები არ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით. თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტი დანარჩენ საქართველოში გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან.  

კანონპროექტის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქცია და მის მართვას ახორციელებს ადმინისტრატორი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button