ახალი ამბები

სუბარი და ხევიაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გია ხევიაშვილი დევნილთა პრობლემების მიმართ ”გულგრილობაში” დაადანაშაულა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. თავის მხრივ ხევიაშვილმა სახალხო დამცველს ”არაკომპეტენტური” უწოდა და თანამდებობის დატოვება ურჩია.


დაპირისპირება გამოიწვია გუშინ გვიან ღამით თბილისში მდებარე ერთ-ერთ შენობაში მცხოვრები რამდენიმე დევნილი ოჯახის გამოსახლების ფაქტმა. სუბარის განცხადებით, რომელიც ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა, გამოსახლება მოხდა ”ყოვლად უკანონოდ”, რის შედეგადაც უსახლკაროდ დარჩენილმა ოჯახებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს.


”ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე დაკარგეს ყველაფერი [აფხაზეთის კონფლიქტის დროს] და დღეს, როდესაც მათ ამის გამეორება მეორედ უწევთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თუ უშუალოდ მინისტრის გულგრილობის გამო, ეს არის სერიოზული დანაშაული… სამინისტრომ არაფერი იღონა არც ამ უკანონობის შესაჩერებლად და არც ამ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად. ეს პირდაპირ არის სამინისტროსა და პირადად მინისტრის პასუხისმგებლობა,”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა.


თუმცა გია ხევიაშვილმა საპასუხო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტრო ამ გამოსახლებულ დევნილებს აძლევს თანხას, რათა ახალი საცხოვრებელი ფართის გამოყოფამდე მათ დროებით იქირაონ ბინები.


იმავდროულად, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ”არასწორი და არაეფექტური მენეჯმენტის” გამო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ მის ოფისში 400-მდე საჩივარია შესული.  მან სხვა დარღვევებთან ერთად მოიყვანა გალის რაიონში მცხოვრები 104 წლის ქალბატონის მაგალითიც, რომელსაც სამინისტრო  დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნება.


თუმცა სამინისტროს პირველი პირი განმარტავს, რომ კანონმდებლობა კრძალავს იმ პირზე დევნილის სტატუსის მინიჭებას, ვინც კომპაქტური დასახლების ადგილებში არ ცხოვრობს.


”მისი [სახალხო დამცველის] განცხადებები იყო არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური და მე მიმაჩნია, რომ ის ნამდვილად არ უნდა მუშაობდეს ამ ადგილზე, მან უნდა დაწეროს განცხადება და გადადგეს თავისი დაკავებული თანამდებობიდან,”- განაცხადა გია ხევიაშვილმა 25 აპრილს.


თავის მხრივ სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა პრეზიდენტ სააკაშვილს რეაგირება მოახდინოს სამინისტროს მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების იგნორირებაზე.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button