skip to content
ახალი ამბები

”ახალი მემაჯვენეები” ცხინვალის რეგიონში რეფორმებზე დროებით მორატორიუმს ითხოვენ

”ახალი მემარჯვენეებმა” პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მოითხოვეს ცხინვალის რეგიონში მანამ, სანამ ახალი ადმინისტრაცია ფუნქციონირებას დაიწყებს, გამოცხადდეს დროებითი მორატორიუმი იმ რეფორმებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.


”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლები გუშინ კონფლიქტის ზონას სტუმრობდნენ, სადაც შეხვედრების გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიულ ხელისუფლებასთან.


”შევთავაზეთ შეხვედრა [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს] ბატონ კოკოითს, მაგრამ მისგან მივიღეთ უარი, სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო,”- განაცხადა მემარჯვენეების წარმომადგენელმა ირაკლი იაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.


მისი შეფასებით, მოსახლეობა და სანაკოევის ჯგუფი იზიარებს და გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების გეგმებს რეგიონში დროებითი ადმინისტრციული ერთეულის შექმნის თაობაზე.


”თუმცა არის ძალიან სერიოზული შეუთანხმებლობა და არაკოორდინირებულობა ხელისუფლების მოქმედებებისა ამ რეგიონში… იქნებ სანამ შეიქმნება ადმინისტრაცია, მანამდე მორატორიუმი გამოცხადდეს რეფორმებზე და შემდეგ მოიყაროს თავი ამ გადაწყვეტილებებმა ამ ადმინისტრაციაში,”- განაცხადა იაშვილმა. 


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ რეგიონში კოორდინაციის ნაკლებობა მართლაც არის ”იმიტომ, რომ გარკვეული ვაკუუმია ხელისუფლების, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც დროებითი ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნება, ბევრი პრობლემა იქნება მოგვარებული”.


”ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს ამ რეგიონში, თუმცა უფრო დელიკატურად ვიდრე დანარჩენ სხვა რეგიონებში… მე პრეზიდენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც [ზურაბ ნოღაიდელს], რომელიც ჩამობრძანდება ძალიან მოკლე ხანში საქართველოში [აშშ-დან, სადაც გულის ოპერაცია გაიკეთა], ის უკვე კარგად გრძნობს თავს, ვაცნობებ თქვენი მოსაზრების თაობაზე,”- დასძინა ნინო ბურჯანაძემ.


მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ხელისუფლება ”ძალიან აფასებს” ოპოზიციის აქტიურ ჩართვას ცხინვალის რეგიონში არსებულ ძალებთან მოლაპარაკებებში.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button