ახალი ამბები

კოკოითი სანაკოევის მთავრობას ”თვითმარქვიას” უწოდებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ნებისმიერი პირი, რომლებიც ურთიერთობებს დაამყარებენ დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიულ მთავრობასთან ან კოდორში განლაგებულ აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, არ დაიშვებიან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.


”ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია კონტაქტები თვითმარქვია ხელისუფლებასთან… მათი პოლიტიკური მნიშვნელობის იმიტაცია პროვოკაციაა და ცინიზმის ზღვარს სცდება,”, – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


თბილისის მიმართ ლოიალური სანაკოევის ხელისუფლება, რომელიც გასული წლის ნოემბერში აირჩია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნაწილმა, ცხინვალის რეგიონში, სოფელ ქურთაშია განლაგებული. 


”ასეთივე წარმატებით ჩვენც შეგვიძლია ჩავატაროთ ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და ვაწარმოოთ მასთან დიალოგი,”- დასძენს კოკოითი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button