skip to content
ახალი ამბები

კონდოლიზა რაისი სეპარატისტულ კონფლიქტებზე და რუსეთზე საუბრობს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 10 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა წაახალისოს საქართველოში სეპარატისტულ მოძრაობები. 


”მოველით, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს გავლენა თავის მეზობლებზე – თქვენ ყოველთვის გქონდათ ზეგავლენა მეზობლებზე – მაგრამ მან პატივი უნდა სცეს ამ სახელმწიფოების დამოუკიდებლობას. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება საქართველოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ანუ არ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც წაახალისებს სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობების პრეტენზიებს დამოუკიდებლობაზე,” – განაცხადა მან.


ვაშინგტონში ედუარდ მაროუს ჟურნალისტების პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობა ”საქართველოსთან და რუსეთთან კარგი ურთიერთობების მთავარი მხარდამჭერია, რადგანაც ისინი გვერდიგვერდ ცხოვრობენ”.


”ჩვენ გვაქვს … ძალიან კარგი ურთიერთობები საქართველოსთან და ვაპირებთ შევინარჩუნოთ ეს. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მან აირჩია თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ყველაფერში თანხმობა არ არსებობს, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ”არსებითად კარგია”.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button