ზურაბ ნოღაიდელი ბაქოს სტუმრობს
დღეს, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებთან არტურ რასი-ზადესთან და კარიმ მასიმოვთან.
2 აპრილს თბილისში მყოფმა ყაზახეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა სერიკ ახმედოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი გარანტიას იძლევა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ ყოველწლიურად აღნიშნულ მარშრუტზე 10 მლნ ტონა ტვირთი მოიზიდოს.
ბაქოში ვიზიტისას ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, იუწყება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, დეკემბრიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”აზერგაზი” საქართველოს დღე-ღამეში 1,3 მლნ კუბამეტრ ბუნებრივ აირს აწვდის, 1000 კუბამეტრს 120 აშშ დოლარად.
პრემიერ-მინისტრს ბაქოში თან ახლავს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ხეთაგური.
ბაქოში გამართულ შეხვედრებზე სავარაუდოდ, იმსჯელებენ საქართველოსთვის გაზის მოწოდების გაგრძელებაზე, ასევე ბაქო-თბილისი- ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტზე, რომლისთვისაც ადრე მიღწეული შეთანხმების მიხედვითლ აზერბაიჯანი საქართველოს 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით 25-წლიან სესხს გამოუყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)