skip to content
ახალი ამბები

აშშ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში

ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის, განაცხადა დღეს თბილისში მყოფმა აშშ-ს ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ კლეი სელიმ.


ვიზიტის ფარგლებში მან დღეს შეხვედრები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან. დღის ბოლოს კი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.


პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კლეი სელიმ განაცხადა, რომ მისასალმებელია თუ გაიზრდება საქართველოს სტრანზიტო როლი, როგორც  კასპიის ბასეინიდან ენერგომატარებლების გამტარისა ევროპის მიმართულებით და ასევე ყურადღება გამახვილდება შიდა რესურსების განვითარებაზე.


”საქართველო შეიძლება ვიხილოთ სულ მალე როგორც ელექტროენერგიის ერთ-ერთი ექსპორტიორი”, – დასძინა მან.


მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკა, რომელსაც შეერთებული შტატები ”სთავაზობს ან ახვევს თავს” საქართველოს, არამედ ”ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ხელი შევუწყოთ ამას”.


ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, აშშ უფრო აქტიურად ჩაერთვება რეგიონალურ ენერგოპროექტებში. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს და მთელ რეგიონს გააჩნია იმის პერსპექტივა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპის ენერგოდივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში.

”მოთხოვნები მსოფლიოში ენერგორესურსებზე კიდევ უფრო და უფრო იზრდება და ამიტომ ვთვლით, რომ რაც მეტი გაზისა და ნავთობის სადენები იქნება, რომელიც შეძლებს, ვთქვათ, ძალიან მდიდარი კასპიური და შუა აზიური რესურსების ტრანსპორტირებას ევროპაში, მით უკეთესია ეს როგორც შუა აზიის რეგიონისათვის, ასევე საქართველოსთვის, ევროპისათვის და საერთოდ მსოფლიოსთვის…  ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ახალი პროექტის და ნებისმიერი ახალი მილსადენის გატარებას ამ რეგიონზე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button