skip to content
ახალი ამბები

ალასანია გმობს კოდორის დაბომბვას

საქართველო არ დაუშვებს, რომ რაიმე პროვოკაციაში იყოს ჩათრეული და კვლავ სამშვიდობო პროცესის ერთგული რჩება, ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ანალგიური პროვოკაციების გამეორების მაღალი ალბათობა არსებობს”, – განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 13 მარტს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მან ზემო კოდორის ხეობის სოფლებზე განხორციელებული თავდასხმა პროვოკაციად შეაფასა.


”აშკარაა, რომ გარკვეული ძალები ამგვარი პროვოკაციებით შეეცდებიან რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რითიც საფრთხეს შეუქმნიან მყიფე სტაბილურობას და შეაფერხებენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში არსებულ დადებით ძვრებს, როგორიცაა მხარეთა ჩართვა დიალოგში 2007 წლის თებერვალში ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს”.


”საქართველო გმობს ამგვარ ქმედებას და აფასებს მას, როგორც სერიოზულ მცდელობას შეაფერხოს სტაბილიზაცია და რეკონსტრუქციის პროცესები, გააუფასუროს ზემო აფხაზეთში ბოლო დროს მიღწეული დადებითი ძვრები”, – დასძინა მან.


ქართული მხარის განცხადებით, 11 მარტს ზემო კოდორის ხეობაში სულ ცოტა სამი სამხედრო ვერტმფრენი შემოფრინდა რუსეთის ტერიტორიიდან, რომელთაც ხეობა დაბომბეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთმა უკვე უარყო რაიმე კავშირი დაბომბვასთან.


ერთობლივი შემსწავლელი მისია, რომელიც ქართულ და აფხაზურ მხარეებს, ასევე გაეროს დამკვირვებლებს და რუს სამშვიდობოებს აერთიანებს, 13 მარტს ზემო კოდორის ხეობაში ჩავიდა ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით.


თბილისის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადეს, რომ პროვოკაციის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ”უარყოფითი ატმოსფეროს შექმნა” ზემო კოდორის ხეობაში არსებულ უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ, რომელმაც აპრილში აფხაზეთის შესახებ უნდა იმსჯელოს.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button