skip to content
ახალი ამბები

სოხუმი საპარლამენტო არჩევნებს ჩატარებულად აცხადებს

4 მარტს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები შედგა, რადგანაც ამომრჩეველთა აქტივობამ 45%-ს გადააჭარბა, იტყობინება აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ). იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად იქნას ცნობილი ამომრჩეველთა 25%-იანი აქტივობაა საჭირო.


აფხაზეთის პარლამენტის 35 მანდატისთვის 108 კანდიდატი იბრძოდა. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 129 650-ს შეადგენს. არჩევნები 35 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, რომელთაგანაც სამი გალის რაიონში მდებარეობს.


როგორც მოსალოდნელი იყო, გალში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება.


საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იტყობინება აფხაზეთის ცსკ-ს თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ არჩევნები ყველა 35-ვე ოლქში, მათ შორის გალის რაიონში ჩატარებულად გამოცხადდა.


თუმცა, ქართული წყაროების ცნობით, გალის რაიონში არჩევნები ჩაიშალა, რადგანაც ადგილობრივმა ქართველებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.


საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” აფხაზეთის ცსკ-ს ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდობით იუწყება, რომ 17 მაჟორიტარულ ოლქში შეიძლება არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს, რადგანაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა.  


გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატები 18 ოლქში უკვე აირჩა, საიდანაც  ხუთში ოპოზიციურმა კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება.


ე.წ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა ჯგუფი აკვირდებოდა.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button