ახალი ამბები

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ურთიერთობებში პროგრესს მიესალმებიან

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილმა და ვიქტორ იუშჩენკომ თბილისში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს პროგრესი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ორი ქვეყნის ურთიერთობებში შეიმჩნევა.


”ჩვენ უკრაინაში არაკეთილმოსურნეები არ გვყავს, გვყავს მხოლოდ მეგობრები პოლიტიკური და საზოგადოებრივი ისტებლიშმენტის ყველა დონეზე”, – განაცხადა სააკაშვილმა 1 მარტს.


”ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მეგობრები, როდესაც ჩვენ ვხედავთ რა დინამიკა შეინიშნება ამ [საქართველოსთან]ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.  


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი” უწოდა საქართველოსა და უკრაინას  შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს.


”2004 წლის შემდეგ ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველწლიურად 50%-ით იზრდება და შარშან ჩვენი მონაცემებით თითქმის გაორმაგდა. ეს ნიშნავს, რომ ბევრად მეტი შესაძლებლობები შეექმნა ორივე მხარეს სამეწარმეო სუბიექტებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი 2-3-ჯერ გაიზარდა.


”თუმცა მე მიმაჩნია, რომ მეტი შესაძლებლობებია უკრაინის ბაზარზე. მკაცრი დავალება მივეცით  სოფლის მეურნეობის მინისტრს [პეტრე ცისკარიშვილს], რომ გაამკაცროს უკრაინის ბაზარზე გასაშვები ღვინოების კონტროლი. ამ ღვინოების ხარისხი ბოლო დროს მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა ჩვენ გვჭირდება მეტი კონტროლი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სავაჭრო სფეროში მხოლოდ ორი მოუგვარებელი საკითხი დარჩა ორ ქვეყანას შორის: თამბაქოს აქციზისა და შაქრით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ასევე ყოველდღიური საჰაერო რეისები უნდა დაინიშნოს საქართველოსა და უკრაინას შორის, ”იმიტომ, რომ ადამიანები დადიან ერთმანეთთან, რადგან უადვილდებათ ერთმანეთთან სიარული, ურთიერთობა”. 


”მე არ დამითვლია რამდენი ახალი ოჯახი შეიქმნა უკრაინულ-ქართული ამ დღეებში.  იმპორტის ერთ-ერთი წყარო საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის ექსპორტის წყარო უნდა იყოს ასევე მათი გასათხოვარი გოგონები. ამისათვის ჩვენ ყველა პირობა შევქმენით”, – განაცხადა სააკაშვილმა.


უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკვე მოეწერა ხელი ორმხრივ შეთანხმებებს ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და მინერალური წყლების გეოგრაფიული სახელების დაცვის შესახებ და უკრაინის ქერჩის პორტსა და საქართველოს ბათუმისა და ფოთის პორტებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის ერთობლივი ექსპლოატაციის პირობების თაობაზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button