ახალი ამბები

”თავისუფლების ინსტიტუტი” ლუსტრაციის შესახებ ხედვას აქვეყნებს

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ ”თავისუფლების ინსტიტუტმა” ლუსტრაციის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკური ელიტის კვლავ აღდგენის დაუშვებლობას და არსებულ რისკებზე რეაგირებას.


პროექტის თანახმად, საბჭოთა პერიოდის ლიდერებისა და იდეოლოგების გარდალუსტრაცია  შეეხება დღევანდელ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, დეპუტატებს ან კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, რომელთაც  ჰქონდათ პირადი, სატელეფონო ან საფოსტო კომუნიკაცია იმ სახელმწიფოს მოქალაქეებთან, რომელთა: ”შეიარაღებული ძალები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ და მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, ან რელიგიური შუღლის გაღვივებას”.


პროექტის თანახმად, რომელსაც ჯერ კანონპროეტის სახე არ აქვს, ზემოთ ჩამოთვლილ პირთა წრეს მოუწევს საქმიანობის ან კომუნიკაციის ”სახის, შინაარსის და ვადების” დეკლარირება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებათ საჯარო არჩევითი და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების  15 წლის განმავლობაში აკრძალვის სანქცია.

”თუ რომელიმე პარტიის ლიდერი დაელაპარაკება მოდესტ კოლეროვს, რომელიც არის რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პოლიტტექნოლოგი, საქართველოს ნეიტრალიტეტზე, ის ვალდებულია ამის შესახებ განაცხადოს საჯაროდ თუ როდის ელაპარაკა და რა თემაზე ჰქონდა ეს კომუნიკაცია”, – განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა.


”თავისუფლების ინსტიტუტის” ეს ინიციატივა გახმოვანდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 16 თებერვალს ჩააგდო ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროეტი ლუსტრაციის შესახებ, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პერიოდზე ვრცელდებოდა და მაშინდელი სპეცსამსახურების თანამშრომლებს სახელმწიფო სამსახურს უკრძალავდა.


ოპოზიციის შეფასებით, ”თავისუფლების ინსტიტუტის” ინიციატივა არის ხელისუფლების მხრიდან მცდელობა, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება გაიწელოს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button