ახალი ამბები

ბოკერია ნატოზე, დსთ-ზე საუბრობს და ოპონენტებს აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე ”სიცრუეში” დაადანაშაულა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან და აღნიშნა, რომ საქართველოს დსთ-ში ყოფნა ნატოში გაწევრიანებას ხელს არ უშლის.


ბოლო დროს ოპოზიციური ”ეროვნული ფორუმისა” და ”ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერებმა ღიად დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ ეწინააღმდეგებიან ნატოში გაწევრიანებას, თუ ამის სანაცვლოდ თბილისი სოხუმსა და ცხინვალს დაკარგავს.


”ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიზანმიმართულად ცრუობდნენ და იძახდნენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაკავშირებულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან… და ვითომ ციტირებდნენ ნატოს გენერალურ მდივანს, რომელმაც თითქოს თქვა, რომ საქართველოს ნატოში მივიღებთ, ოღონდ ტერიტორიების გარეშეო. ეს არის სიცრუე… ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა სულ სხვა რამე. მან თქვა, რომ ტერიტორიული კონფლიქტები ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ნატოში და ეს არის ძალიან კარგი განცხადება, ეს არის გზავნილი მოსკოვს, რომ ამ კონფლიქტების გაღვივებით ის ვერ შეუშლის ჩვენს სვლას ნატოსკენ”, – განაცხადა 16 თებერვალს გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.


მისი თქმით, ყველას, ვინც ატყუებს საქართველოს ხალხს, მმართველის ძალა ”მკაფიო შეფასებას” მისცემს.


ბოკერიას განცხადებით, საქართველოს დსთ-დან გამოსვლის საკითხი ტაქტიკურ მოსაზრებებს უკავშირდება, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის მცდელობა საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში  დაძაბულობის მაპროვოცირებლად წარმოაჩინოს.


”დსთ-ში საქართველოს ყოფნა არ ყოფნა დაკავშირებულია ორ რამესთან: ეს არის პრაქტიკული მოსაზრებები და მეორეა, ტაქტიკური მოსაზრებები საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე, როდესაც ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვიშოროთ მცდელობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რომ გამოგვიყვანოს პროვოკატორად ჩვენს ურთიერთობებში”, – განაცხადა ბოკერიამ. 

Back to top button