skip to content
ახალი ამბები

ვაშინგტონი ურანის კონტრაბანდის საქმეზე კომენტარს აკეთებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ საქართველოში გასულ წელს აღმოჩენილი ბირთვული ნივთიერება გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შეამოწმა და დაადგინა, რომ ეს იყო მაღალგამდიდრებული ურანი.


ოფიციალური თბილისის ცნობით, ერთი რუსეთის და სამი საქართველოს მოქალაქე იხდის სასჯელს საქართველოში, რუსეთიდან თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის გავლით 100 გრამი გამდიდრებული ურანის კონტრაბანდული გზით შემოტანის საქმესთან დაკავშირებით. შემთხვევა 2006 წლის იანვარში მოხდა, როდესაც რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინცაგოვი და მისი სამი ქართველი თანამზრახველი ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს. თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდა საჯარო. 


ოფიციალური თბილისის განცხადებით, ამ “საკმაოდ მგრძნობიარე საქმის“ შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო ერთი წლის მანძილზე, რადგანაც მათ იმედი ჰქონდათ, რომ მეტ დეტალებს გაარკვევდნენ. თუმცა, ეს შეუძლებელი გახდა, რადგანაც რუსეთმა უარი თქვა თანამშრომლობაზე. 

25 იანვარს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე შონ მაკკორმაკმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს “კარგი თანამშრომლობა” აქვს რუსეთის მთავრობასთან ბირთვული ტერორიზმის და ბირთვული კონტრაბანდის თავიდან აცილების თვალსაზრისით. 


“ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ყველა სახელმწიფომ, რომელთაც გააჩნიათ ინფორმაცია ამგვარი ძალიან საშიში ნივთიერებების კონტრაბანდის თაობაზე, წარმოადგინონ ეს ინფორმაცია. მათზეა დამოკიდებული, თუ რა ფორმით და სად წარმოადგენენ ამ ინფორმაციას. მაგრამ, მთავარ პრინციპად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ შევიმუშავოთ ისეთი მექანიზმები და სამუშაო პრინციპები, რომლებიც წაახალისებს ამგვარი ინფორმაციის გაზიარებას“, – განაცხადა აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ბირთვული ნივთიერების მხოლოდ “მცირე რაოდენობა“ იქნა აღმოჩენილი, შეშფოთების საგანია ის ფაქტი, რომ “პოტენციურად, პირებს შესაძლოა უფრო დიდ რაოდენობასთანაც მიუწვდებოდეთ ხელი“.    


“ეს ძალიან საშიში ნივთიერებაა და თუ ის ცუდ ხელში ჩავარდება, მისმა გამოყენებამ შესაძლოა უდანაშაულო მოსახლეობას მიაყენოს ზიანი. ჩვენ ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ იქნება უფრო დიდი რაოდენობის კონტრაბანდის მცდელობები. ეს რეალურ ტრაგედიამდე მიგვიყვანს“, – დასძინა აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


ზოგიერთმა ანალიტიკოსმა რუსეთში უკვე განაცხადა, რომ საქართველომ ინფორმაცია ურანის კონტრაბანდის თაობაზე ერთი წლის თავზე იმ მოტივით გაავრცელა, რომ სურდა უპირატესობა მოეპოვებინა რუსეთთან არსებულ დაძაბულობაში.


თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 იანვარს განაცხადა, რომ ის ამ საკითხის პოლიტიზირებას არ აპირებს.


“იმის გათვალისწინებით, რომ ეს კრიმინალური ფაქტი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო  უსაფრთხოებისთვის, ქართული მხარე შორს არის ამ საკითხის პოლიტიზირებისაგან და არ განიხილავს მას როგორც, სხვა რომელიმე სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელებულ ქმედებას“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button