skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში: ანტიტერორისტული ცენტრი “ქართულ ბანდებს“ დაუპირისპირდება

ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არის პასუხი “საქართველოს ტერიტორიიდან ტერორისტული ჯგუფების და ბანდების შემოსვლაზე“, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 11 იანვარს, იტყობინება “აფსნიპრესი“.


ბაღაფშმა ეს განცხადება ოჩამჩირის რაიონში მდებარე ანტიტერორისტული ცენტრის მიერ მომზადებული კურსანტებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე გააკეთა.


“თბილისი გალის რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას და აფხაზეთის წინააღმდეგ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს, რაც ტერორიზმის ღია მხარდაჭერას ნიშნავს“, – დასძინა ბაღაფშმა.


“აფსნიპრესის“ ცნობით, ანტიტერორისტულ ცენტრს, რომელიც გასულ წელს შეიქმნა, ანალიტიკური და დაზვერვის განყოფილებები ექნება. სხვა ინფორმაცია ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობაზე არ ვრცელდება.


ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ინსტრუქტორები აქტიურად არიან ჩართულნი აფხაზეთის ანტიტერორისტული შენაერთების მომზადებაში.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ოჩამჩირეში მდებარე ანტიტერორისტული ცენტრი კონფლიქტის ზონაში, ქართულ საგუშაგოზე თავდასხმის მომზადებაში დაადანაშულა. 5 იანვარს მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.   
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button