skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ოპოზიციურ ჯგუფებთან დიალოგის ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს თანამშრომლობა შესთავაზა და გამოვიდა წინადადებით ეროვნული უშიშროების საბჭოს პარალელურად შეიქმნას “გაფართოებული უშიშროების საბჭო”, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ.


“რათა ძირითად საკითხებზე – საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოში ჩასატარებელი შემდგომი დემოკრატიული რეფორმები, მუდმივი ურთიერთქმედება ჩვენ ხალხთან – ჩვენ გვქონდეს ერთიანი პოზიცია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ხელი მოაწერა კანონს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ.


“მართალია კონსტიტუციისთვის ხმა არ მიუცია, მაგრამ მისასალმებელი ფაქტია, რომ მის განხივაში მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო ოპოზიციამაც“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საპარლამენტო ოპოზიციურმა სპექტრმა გააკრიტიკა კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც 2008 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ითვალისწინებს.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოესი წლებში, რომლებიც საქართველოს ისტორიული განვითარების თვალსაზრისით “ძალიან საინტერესო“  და იმავდროულად, “უმძიმესი“ იქნება,  “როგორც არასდროს საჭიროა უკლებლივ ყველა ძალის კონსოლიდაცია“. 


“იმ პირობებში, როცა შემდეგ არჩევნებამდე რჩება 2 წელი და იმ პირობებშიც კი, როცა საქართველოს მოქალაქეებმა ერთმნიშვნელოვნად მიცეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მანდატი და უფრო დიდი უმრავლესობით, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე, “ნაციონალურ მოძრაობას“, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს რომელიმე ოპოზიციური ჯგუფი, ჩვენთვის მათთან მუდმივი დიალოგი, მუდმივი აზრთა გაცვლა–გამოცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  


ბოლოს დროს ოპოზიციონერი კანონმდებლები ხშირად აცხადებენ, რომ უმრავლესობას არ აქვს სურვილი ოპონენტებთან დიალოგი გამართოს. პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან თავს არიდებენ ოპონენტებთან სატელევიზიო თოქ-შოუებში მონაწილეობას.


“ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს რეალური დიალოგი და არა დიალოგის იმიტაცია”, – განაცხადა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტის ინიციატივის საპასუხოდ.


დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე მრეწველთა პარტიიდან მიესალმა პრეზიდენტის ინიციატივას და განაცხადა, რომ მისი პარტია მზად არის ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი ფორმატის მუშაობაში მიიღოს მონაწილეობა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button